Oct 20, 2014

როგორ გაუსწორდნენ თავშესაფრიდან ორი დღის გამოსულ ძაღლს თავისივე ეზოში.






ჩემი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არ გამქრალა გორიალას სისხლის კვალი და ალბათ კიდევ კარგა ხანი არ გაქრება, დამნაშავე და მწამებელი კი არც ვიცი ვინაა, ალბათ დღეს დილასაც ძალიან მშვიდად და მხნედ ჩააბიჯა გორიალას სისხლში ფეხი და ისე გაიარა გზა. ალბათ საღამოსაც ასე ჩააბიჯებს კიდევ და არც მაშინ შეაწუხებს ცოტა სინდისი მაინც.


გუშინ დილას ძალიან წვიმდა, დილას 8 საათზე გამეღვიძა და მივხვდი გარეთ გასვლას, გეკას და გორიალას გასეირნებას აზრი არ ჰქონდა. 9ს რომ წუთები ეკლდა უკვე გადაღებული ჰქონდა წვიმას, დავიწყე მზადება ეზოში ჩასასვლელად, საჭმელს ვუმზადებდი ორივეს, რომ საშინელი ყეფა გავიგე გორიალასი, შემდეგ ძაღლის კივილი,ტირილი, ვიღაც კაცის ხმა და უცბად ყველაფერი მიჩუმდა, დედაჩემი მაშინვე ფანჯარას ეცა და თვალი მოჰკრა კაცს რომელიც მთელი სიჩქარით გარბოდა, სხვა ახლო–მახლო სულიერი არავინ ჭაჭანებდა.  ეგრევე ჩავვარდი ეზოში არც ძაღლი იყო და არც ვინმე ადამიანი. გეკას ვოლიერთან მივედი გარაჟის კარი გამოვაღე და მივხვდი, რომ საქმე ძალიან ცუდად იყო, ძაღლი ცახცახებდა, კანკალებდა, ტანს ვერ აჩერებდა, ტიროდა, მივხვდი , რომ გორიალას თავს რაღაც ცუდი მომხდარიყო რაც გეკამ დაინახა. გეკა გამოვიყვანე და იმ ადგილის ყნოსვა დაიწყო სადაც გორიალა იწვა, მაშინ დავაფიქსირე, რომ ზუსტად იმ ადგილას დიდი ლოდი ეგდო, რომელიც წინა ღამეთ სხვაგან იდო, იქვე იყო სისხლის ნაკვალევიც. აი მაშინ დავრწმუნდი, რომ ძალიან ცუდი რამე მოხდა. უფრო ცუდი ის იყო რომ გორიალა არსად ჩანდა, რა არ ვიფიქრეთ, ხომ არ მოკლა–თქო, ხომ არ ჩააგდო ვინმემ მანქანაში და წაიყვანა თქო ( ეგეთებიც მოსულა ჩემს სამეზობლოში) მოკლედ მთელმა ოჯახმა დავიწყეთ გორიალას ძებნა ან ცოცხლის ან მკვდრის. ზუსტად 4 საათი ვეძებდით, სისხლის კვალს გავყევით, კვალს ერთ–ერთ მაღაზიამდე სხვათაშორის საკმაოდ შორს მივყავდით, ადგილ–ადგილ უფრო მეტი სისხლი ესხა. საშინელი გრიგალი იყო და ალბათ არც ჩვენი ძახილი ესმოდა. ძალიან მეშინოდა გორიალას ნახვა, იმიტომ რომ არ ვიცოდით რა სჭირდა საიდან სდიოდა სისხლი, რამოდენიმეჯერ ჩავედით ეზოში მაგრამ ვერ ვნახეთ. მერე ერთმა მეზობელმა მითხრა ნახევარი საათის წინ ვნახე, სისხლი სდიოდა კოჭლობდა და დაბლა წავიდაო. კიდევ წავედი მოსაძებნად, ყველა კუთხე–კუნჭული მოვიარე, მაგრამ ვერსად ვერ ვნახე. დედაჩემმა ვეტ–ექიმ დათო ომარაშვილს  დაურეკა და უთხრა რაც ხდებოდა, დათომ გვითხრა როგორც კი იპოვით 112ში დარეკეთ და თავშესაფარში მეც მაშინვე ავალო. უშედეგოდ ვეძებდით გორიალას მთელი ჩემი ოჯახი. ბოლოს სახლში ამოვედით, და კიდევ ერთხელ მამაჩემი ჩავიდა კიდევ დავივლი ტერიტორიას იქნებ ვნახოო, რამოდენიმე ხანში დარეკა და თქვა ვიპოვეო, ჩავედით მაშინვე ძლივს მოლასლასებდა, ეგრევე ფოთლებში ჩაწვა და არ დგებოდა,  რომ დამინახა თავს ძალა დაატანა და მოვიდა დამიწვა ფეხებთან, თათი ჰქონდა დაზიანებული ორ ადგილას, ერთი ბალიში ჰქონდა გახეთქილი და ოდნავ მაღლა გაჭრილი ჰქონდა, ეტყობა ქვა სანამ თათზე დაეცემოდა მანამდე გაედო კიდურს და გაუჭრა. ძალიან ცუდად იყო, ცახცახებდა, არ დგებოდა, მაშინვე დავრეკეთ 112ში, გორიალას გადაყვანა ვცადე ჩემს ავტოფარეხთან მაგრამ იმ მხარეს არაფრით არ გამომყვა, ბოლოს ხელში ავიყვანე და სახლში წავიყვანე. როგორც კი ლიფტიდან გამოვიდა მაშინვე დაწვა ვერც სახლში ვერ შემოვიდა.არც დასაფენზე დაწვა არაფერზე.  დედაჩემმა გადაუხვია თათი, ვერაფრით ვერ დამშვიდდა არადა გორიალა არააა მშიშარა ძაღლი, თუმცა ისეთი რამე შეემთხვა. მალე მოვიდა 112 ის მანქანა, მანქანა ძალიან ახლოს სადარბაზოსთან მოაყენეს პირდაპირ, რომ ძაღლი ადვილად შეგვესვა მანქანაში. ძალიან მალე გადაიყვანეს მუნიციპალურ თავშესაფარში და მაშინვე გაუკეთა ყველა პროცედურა სოსო ბოჭორიშვილმა, საკმაოდ რთულად ჰქონდა გორიალას საქმე, მართალია მოტეხილობა არ იყო, მაგრამ თათის ბალიშის დაზიანება საკმაოდ რთული შემთხვევაა, ეს მათი მთავარი საყრდენი ძალააა სიარულის დროს. მძიმედ ჰქონდა დაზიანებული გორიალას ეს ბალიში, ამიტომ ოპერაციაც და  ნაკერებიც დასჭირდა. თავშესაფარში არ იყო მაგრამ ჩვენც და გორიალასაც გვკითხულობდა ვეტ–ექიმი ნოდარ მაღრაძე, რამოდენიმეჯერ გადარეკა გაიგო გორიალას ამბავი და ჩვენ გვატყობინებდა მის ამბავს. ოპერაციის შემდეგ კი სოსოც დაგვიკავშირდა და გვითხრა როგორ ჩაიარა ყველაფერმა, საღამოს კი დათომაც მოინახულა და მანაც გაგვაგებინა ამბები.



აი ასე იყო გორიალა სანამ მაშველები მოვიდოდნენ









ესეც ოპერაციის მზადების და ოპერაციის ამსახველი ფოტოები. გორიალა ხელში აყვანილი შეიყვანეს საოპერაციოში და გამოიყვანეს, შეშინებული იყო და შოკურ მდგომარეობაში, მთელი დღე დასჭირდა თურმე, რომ ცოტათი დამშვიდებულიყო.














არც კი ვიცი რა, გორიალა სულ 2 დღე გამოვიდა თავშესაფრიდან, მანამდე ბევრი დაბრკოლება გაიარა, და ძლივს მოვიდა თავის სახლში. ასე მეგონა, ძლივს ყველაფერი მორჩა, ირბენს, თავისუფალი იქნება და ძალიან ბედნიერი–თქო. მართლაც ასე იყო, ისეთი სიხარულით გადმოხტა მანქანიდან და მთელი კორპუსის ეზო სიხარულით მოირბინა, სურათის გადაღებაც ვერ მოვასწარი ისე ცანცარებდა.

მთელი ბავშვობა და შემდგომი პერიოდი, საზოგადოებისგან ის ინფორმაცია მოდიოდა, რომ თავშესაფარში  რომ ძაღლი მოხვდება ეს ნიშნავს, რომ ფაქტიურად ის მკვდარია, ასეც იყო ადრე საქართველოში, მაგრამ ახლა, ძაღლები გამოკეტილ ვოლიერში უფრო უსაფრთხოდ არიან ვიდრე გარეთ, ამ ველურ საზოგადოებაში.


გორიალა არის ყველაზე უწყინარი ძაღლი. არც კი ვიცი ვინ იყო ასეთი სადისტი, რომ ესეთი სისასტიკით გაუსწორდა. ყველაზე მეტად კი გორიალას ამბავს გეკა განიცდის, გეკა ხომ იცით ვინცააა? აი ეს ლამაზი ბიჭი. იმის, გამო რომ გეკა მარტო ეზოში არ გადის და ვოლიერშია, გორიალა როგორც კი მოვიდა გეკას დაუჯდა ვოლიერთან, გარედან ცხვირებს მიადებდნენ და ასე იყვნენ. მთელ დღეებს რაც აქ იყო გორიალა, იქ ატარებდა მელოდებოდა როდის გამოვიყვანდი გეკას, მერე თამაშობდნენ დახტოდნენ, როცა შევიყვანდი ისევ იქ ეწვა, ღამეც იქ იწვა, მხოლოდ რამოდენიმეჯერ გავიდოდა გაირბენდა გაითამაშებდა და მერე ისევ იქ ბრუნდებოდა. ჰოდა ეს ყველაფერი ზუსტად გეკას თვალწინ მოხდა, გორიალას ასე სასტიკად გეკას თვალწინ გაუსწორდნენ, გეკა კი შიგნიდან ყეფდა, მაგრამ ვერაფერს გახდა და ვერ გადაარჩინა თავისი მეგობარი. ახლა როცა გორიალა აქ აღარააა, როგორც კი გამომყავს მაშინვე სუნავს იმ ადგილს სადაც იწვა გორიალა და გარბის მოსაძებნად, ვერ ჩერდებდა შფოთავს, სულ ზის ვოლიერთან და ელოდება რომ ისევ მოვა. 112 ის მანქანამ ისე წაიყვანა გორიალა, რომ გეკამ თვალი ვეღარ მოკრა, ანუ მან არც კი იცის ცოცხალია თუ არა. მხოლოდ გორიალას ყეფა და ტირილი გაიგო ბოლოს. ეს ის მომენტია, როცა არც კი ვიცი როგორ დავამშვიდო, როგორ ავუხსნა, რომ გორიალა ცოცხალია და კარგადაა და არაფერია სანერვიულო, მაგრამ ხომ იცით თქვენ როგორია ძაღლური სიყვარული და ერთგულება. თანაც გეკა ერთადერთია, ვინც დაინახა ვინ ცემა გორიალა, ვინ იყო ის კაცი, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ცხოველებმა არ იციან ლაპარაკი და ვერც გავიგებ ალბათ ვინ იყო ეს ადამიანი.
დარწმუნებული ვარ ეს ის ადამიანია, ვინც დედაჩემმა დაინახა ფანჯრიდან, თუ როგორ გარბოდა და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი, სადღაც ძალიან ახლოს ცხოვრობს ჩემთან მეზობლად.
აუცილებლად ვიპოვი და გავიგე ვინააა და პასუხს ვაგებინებთ!


ასე იწვა გორიალა გეკასთან ახლოს,  ესეც ერთ–ერთი მისი  კოტრიალის და ძილი დროს მოვასწარი გადაღება












არ მესმის, როგორ შეიძლებდა გაუსწორდე ესე შენზე სუსტ და დაუცველ არსებას, გორიალაზე თავს დავდებ რომ არ გაიწევდა არავისზე, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ გორიალას მარტო ქვა კი არ ჩასცა იმ სადისტმა, არამედ მანამდე კარგადაც ცემა. თანაც ქვას რომ ვამბობ, რამე პატარა არ გეგონოთ, დიდი ბლოკები რომ არის ხომ იცით? აი ეგ ჩაარტყა იმ მწვალებელმა. ბრაზი მკლავს და მახრჩობს, რომ ეს ყველაფერი ვერ დავინახე და ვერ დავიცავი გორიალა, რომ არ ვიცი ვინაა ზუსტად ეს ახვარი და ახლაც დაუსჯელი დადის!


მაგრამ იცით კიდევ რა მაცოფებს? ერთი კატეგორიაა ეს სადისტი ხალხი,  და მეორეა აი ის ხალხი ვინც უბრალოდ არ ეხმარება დაზარალებულ ცხოველს, მაგალითად ჩემი მეზობელი, რომელმაც დაინახა სისხლიანი გორიალა, არც კი მოსვლია თავში აზრად, რომ 112ში დაერეკა, კარგი ადამიანო აჰა "გიტყდება" ამ 112ში დარეკვა? მე დამირეკე, მე შემეხმიანე მითხარი, რომ აი ვნახე ეს ძაღლი და ესე ცუდათაა. მაგრამ არა! არაფერს არ აკეთებენ! ესენი დიდად არ განსხვავდებიან მწვალებლებისგან!


არ ვიცი რა გვეშველება, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები? ფეისბუქზე სხვადასხვა ჯგუფებში ყოველდღე მხვდება სხვადასხვა ხალხის პოსტები, რომლებიც ხან დახმარებას ითხოვენ დაზარალებულ ცხოველებზე, ხან თვითონ ეხმარებიან, ყოველ წამს ყოველ დღე, ვიღაც სადისტი ძალადობს სრულიად უდანაშაულო დაუცველ არსებებზე, და ჩვენ ვერ ვაკეთებთ ვერაფერს. ვერ ვაკეთებთ ვერაფერს, იმიტომ, რომ ეს სადისტი მანიაკები ჩვენზე მეტნი არიან, ბევრად მეტნი და ასე მგონია ეს ყველაფერი ომია, სადაც ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ცხოველების დასაცველად და ასე მგონია... ამ ომს ალბათ ვერასდროს მოვიგებთ.

მანამდე კი ალბათ კიდევ დიდი ხანი იქნება ჩემი ეზო მოსვრილი გორიალას სისხლით და დამნაშავე კიდევ ბევრჯერ ჩააბიჯებს მასში თავისი ბინძური არსებით.







Oct 13, 2014

ვეტ–ექიმები, რომელსაც არ უყვართ ცხოველები.




ერთ–ერთი ყველაზე ცუდი მომენტია, როცა შენი ოთხფეხა მეგობარი არის ცუდად, მაგაზე ცუდია როცა ექიმს რომელსაც ენდობი, იმედი გაქვს და გჯერა რომ ყველაფერს გააკეთებს შენი მეგობრის გადასარჩენად,  ხვდები რომ საერთოდ არ აინტერესებს ეს და არანაირ თანაგრძნობას არ გიცხადებს, პირიქით რასაც აკეთებს, იმასაც ძალით შვება.

ამ სფეროში, არც ისე გამოცდილი ვიყავი ადრე. მე ცხოველები არ მყავდა, მაგრამ ჩემს ორ მეგობარს ჰყავს ახლაც, ერთს კატა, მეორეს ძაღლი. ამიტომ ხან იმათგან ვიგებდი ხოლმე ვეტერინარების ამბებს, ხან პირადად რომ მივყვებოდი მაშინაც შევსწრებივარ. თუმცა ეხლა როცა ორი ძაღლი მყავს და საუბედუროდ სულ მაგათ ექიმებში ვარ, უკვე ჩემს მეგობრებს გადავასწარი, კლინიკების და ვეტერინარების ცოდნაში. ჰოდა ერთ რამეში დავრწმუნდი, ძალიან , ძალიან ბევრი ექიმია, რომელსაც უბრალოდ არათუ არ აინტერესებთ ცხოველები არამედ ეზიზღებათ კიდეც! გასინჯვის და შეხების დროს ისეთი სახე აქვთ, გეგონება ან ზიზღისგან გული წაუვათ ან არწყევენ.

ამ ქვეყანაში ზოგადად აღარ მიკვირს არაფერი, მაგრამ ეს მაინც მიკვირს! როგორ შეიძლება ადამიანი იყო ვეტ–ექიმი, ამდენი წელი ისწავლო და ბოლოს როცა სამსახურს იწყებ, ცხოველებს ვერ იტანდე და გეზარებოდეს მისი მორჩენა.  99% დარწმუნებული ვარ, ეს პროფესია ძალით არ ექნებათ არჩეული. ძალით ამ ქვეყანაში არჩევინებენ, იურისტის, ეკონომისტის, ექიმის რაც მთავარია პროფესიებს მშობლები შვილებს. მაგრამ აი არ მჯერა, რომ ვინმეს ოჯახი თავიანთ შვილს აიძულებს, გინდა თუ არა წადი და ცხოველები მოარჩინეო, ამის იმიტომ არ მჯერა, რომ საქართველოში ცხოველები არ უყვართ და აქედან გამომდინარე მაგათი ბედიც კიდიათ, ჰოდა აი აქედანაც გამომდინარე თითქმის გამოვრიცხავ იმ ამბავს, რომ ვინმეს ეს პროფესია ძალით ჰქონდეს არჩეული, ჰოდა შე კაი ოჯახის შვილო, თუ გეზიზღება და გეზარება ამ ცხოველების მოვლა ვინ გაძალებდა და ვინ გაიძულებდა რომ  ამ საქმეს გაჰყოლოდი?

თუმცა უკვე წამოვიდა სხვა ფაქტორი, ეკონომიური ფაქტორი. დღეს თუ კარგი ვეტ–ექიმი ხარ, ან არ ხარ კარგი მაგრამ კარგ რეკლამას უკეთებ შენს თავს და გაბაზრებული გაქვს, რომ ცხოველებზე დარდით კვდები, ოპერაციებს კარგად აკეთებ, მაშინ ბევრი პაციენტიც გეყოლება და კარგი სამსახურიც გექნება, ანუ ფულიც გექნება. ჰოდა ალბათ მაგ პერსპექტივითაც აირჩევენ მალე ამ პროფესიას. ზუსტად აქ უშვებენ შეცდომას! არ შეიძლება ადამიანი დაეუფლოს ასეთ პროფესიას და მხოლოდ რაღაც საგნების ქულებით ხდებოდეს მათი მიღება! ჯერ უნდა შეფასდეს მისი ადამიანობა, დამოკიდებულება ცხოველებთან და მერე უნდა დართონ ნება, რომ ეს პირი ცხოველს მიეკაროს! ნუ რათქმა უნდა ჩვენს ქვეყანაში ეს ასე არ ხდება და ამიტომაცაა ამდენი უმაქნისი, უჟმურ–სახიანი ვეტექიმებით სავსე ქვეყანა.  რას ამბობ, შენი ცხოველი გეტყვის და ხმას ამოიღებს და მოგიყვება როგორ იქცეოდა ექიმი თუ რა? ამიტომაც თითქმის ყოველთვის მართლები არიან.

ვეტ–ექიმები კი ახლა არიან ყველგან, მაგალითად ვეტერინარულ მაღაზიებში, გამყიდველად უმეტესად ვეტ–ექიმები არიან და მათთან საუბრის დროსაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ გაიგოთ რა კონტიგენტია. ჰოდა იმის გამო, რომ ძალიან ხშირი შეხება მაქვს, სხვადასხვა კლიკინებთან, ვეტ–აფთიაქებთან, ვეტ–მაღაზიებთან, და მუნიციპალურ თავშესაფართანაც, ყველა ამ ხალხზე დაკვირვებით, გამოვარჩიე ვეტ–ექიმის რამოდენიმე ტიპი, რომლებსაც ეხლა განვიხილავ და თქვენც გაგაცნობთ. მოდით დავიწყებ ყველაზე სასიამოვნო ტიპით, მართალია ამ პოსტში ვეტერინარების უარყოფით მხარეზე ვლაპარაკობ, მაგრამ მათი ტიპების ჩამოთვლაში პირველს ყველაზე დადებითს განვიხილავ


I - მზრუნველი და ცხოველის მოყვარული. ასეთი ვეტერინარი ყველაზე საიმედოა, წარმოიდგინეთ რა ბედნიერებაა, როცა შენი ცხოველის მორჩენა მარტო შენ კი არ გინდა, არამედ თვითონ ის ადამიანიც ამითაა დაინტერესებული, როცა უნდა რომ, გამოაჯანმრთელოს, გამოიკვლიოს, თუ ერთ დაავადებას ეჭვობს და ის არ აღმოჩნდა აგრძელებს ძებნას, ეს მას არ ეზარება, მარტივი მიზეზის გამო, მისი პრიორიტეტი არის ცხოველის კარგად ყოფნა. ექიმი, რომ ასეთი იყოს, მას უნდა უყვარდეს ცხოველები. სხვა შემთხვევაში ასე არ მოიქცევა. საბედნიეროდ მე ვიცნობ ასეთ ადამიანს, რომელსაც არ ეზარება არასდროს თავისი საქმის კეთება, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წამს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სიცივეში, სიცხეში, ქარში ყინვაში, არასდროს არ იხევს უკან, თუ რამით მაინც შეუძლია დახმარება მაშინვე მზადააა გააკეთოს ყველაფერი. ასეთ დროს, ადამიანი ყოველთვის გრძნობ თავს იმედიანად, იმიტომ, რომ იცი რო რამე და შენს ძაღლს/კატას რამე გაუჭირდეს, არის ადამიანი ვისი იმედიც გაქვს და იცი, რომ არ დაზარდება და თავს არ აგარიდებს. იცით როგორი უნდა იყოს თქვენი ოთხფეხა მეგობრის ექიმი? დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ  ევერსტის წვერზე რომ აღმოჩნდეთ, დაურეკოთ და უთხრათ, ძალიან გვჭირდება შენი დახმარება და გთხოვ მოდი–თქო, უნდა იცოდეთ, რომ ევერესტზეც ამოვა და თქვენს ცხოველსაც  უშველის. იცოდეთ, თუ ასეთი პატრონი ჰყავს თქვენს ცხოველს, მაშინ ძალიან ბედნიერი ადამიანი ხართ. მე საბედნიეროდ მყავს ასეთი ადამიანი, კიდევ კარგი.


II პროფესიონალი, მაგრამ გულგრილი და უდარდელი. ასეთი ტიპი, დაახლოებით იმას უტოლდება, ვისაც ცხოველები არ უყვარს. წარმოიდგინეთ, პროფესიონალი არის, ცხოველს საიქიოდანაც მოგიბრუნებთ, მაგრამ მთავარია მოინდომოს და პრობლემა სერიოზულად მიიღოს, ანუ თქვენ ეუბნებით, რომ რაღაც საშინელება სჭირს თქვენს ცხოველს, მაგრამ ის არ თვლის ამას საშიშად, პირიქით გამშვიდებთ. ძალიან უდარდელად ხვდება ამ პრობლემას, მოკლედ აქ მთავარია ესეთი ადამიანი, კარგად გააჯანჯღაროთ, რომ ყურადღება მიაპყროს თქვენი ცხოველის პრობლემას, და დამიჯერეთ  თქვენს კატას/ძაღლს ყველანაირი ხიფათისგან იხსნის და ძალიან კარგადაც მიხედავს, რადგან არც ცოდნა აკლია და არც ენთუზიაზმი, მთავარია დაიჯეროს რომ საქმე რთულადაა.


III - პანიკიორი. ოოო, ამას კიდევ უდარდელი ჯობია. წარმოიდგინეთ, თქვენი ძაღლი უბრალოდ მოწყენილია, ამის ათასი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგალითად დაიღალა, ამინდი არ მოსწონს, მაძღარია, უბრალოდ მობეზრდა ძაღლობა ან რავიცი მილიონი მიზეზი, ამ დროს თქვენ ურეკავთ ან მიგყავთ ექიმთან და ის გაპანიკებთ, გეუბნებათ, რომ საქმე ცუდათაა, რადგან ცოტათი მოწყენილია, ესეიგი რაღაც საშინელება სჭირს, შავი ჭირი, კიბო, ენტერიტი. არადა ამხელა პანიკა შეიძლება საერთოდაც არ იყოს საჭირო. პირადი გამოცდილებიდან მოგიყვებით, გეკამ ერთხელ მუცელი მოიღორა და დაემართა ფაღარათი, წავედი ვეტ–აფთიაქში საჭირო მედიკამენტების საყიდლად, დაინტერესდა იქ ვეტ–ექიმი და მკითხა რა სჭირსო, ვუპასუხე რაც და მაშინვე მეუბნება, იცი? შეიძლება ენტერიტია, დაალევინებ წამლებს გეგონება გამოკეთდა მაგრამ ბოლოს მაინც ცუდად გახდება და იცოდე ყურადღება მიაქციეო, მაინც ალბათ მოკვდებაო, ეგრე ხდება ხოლმეო. პასუხი არ გამიცია, არც არაფერი მიყიდია იქ, ისე გამოვედი. აი ეხლა ნორმალურია ეგეთი ექიმი?  მესმის, რომ უნდა იყო ყურადღებიანი და ფრთხილი ასეთ დაავადებებთან, მაგრამ პატრონი არ უნდა შეშალო, შენი გიჟი გონებით და არ უნდა გააგიჟო ირგვლივაც ხალხი. მოკლედ ასეთი ვეტ–ექიმი თუ გყავთ, დროზე მოაშორეთ თქვენი და თქვენი ოთხფეხას ცხოვრებიდან.



IV –  მოჩვენებითი მზრუნველი. ეს ტიპი დაახლოებით, ქართველ ოღრაშ ვაჟკაცს უტოლდება. ბევრი რომ არ ვილაპარაკო პირდაპირ ისევ ცხოვრებისეულ მაგალითზე გადავალ. ვეტ–ექიმის საუბარს შევესწარი, ურეკავდა ეტყობა პაციენტის პატრონი და ეს ტიპი ძალიან უხეშად შემოიფარგლებოდა მოკლე–მოკლე პასუხებით, "ხო!" "არა!", "ხომ გითხარით არაა?" "ვერ გაიგეთ?" ამ დროს შემოდის, ქართველი კაცების პარამეტრებით მაგარი ნაშა, და ეს ექიმიც, დემონიდან უცბად გარდაისახა ანგელოზად, კაბის ქვეშ შეუძვრა რამის, სული მიჰყიდა,  და დიალოგში ასეთი წინადადებაც გააჟღერა როგორიცაა, მე ძალიან მიყვარს, ცხოველები და ვზრუნავ მათზე, არასდროს მეზარება არაფერი, ამიტომ იცოდეთ, რომ თქვენს გვერდით ვარ. გავიდა ეს ნაშა და ისევ იგივე სახე დაიყენა. მოკლედ მინდოდა კარგად მეგინებინა და ერთი–ორიც ამომერტყა. 


V - "ყველაზე ჭკვიანი". ასეთი ტიპის ხალხს საერთოდ ვერ ვიტან და ახლა კიდევ ვეტერინარი რომ იქნება ხომ საერთოდ. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველა წინადადებაში ცდილობს გამოამჟღავნოს თავისი ცოდნა, ლაპარაკობს ტერმინებით, "მკაცრი" ტონით, როცა შეკითხვას სვამ, ძალიან გაკვირვებული გეუბნება პასუხს, თან ისეთი სახე აქვს ამ დროს, რომ თავს უხერხულად გრძნობ რატომ დასვი შეკითხვა და ეს შენ თვითონაც უნდა გცოდნოდა, არადა შე ჩემისა ეგ ტერმინები რომ ვიცოდე, და ჩემი ძაღლის დიაგნოზი რატომ მოგიყვან ცხოველს საერთოდ!  
ასეთი ადამიანი, ხაზს უსვამს თავის ცოდნას, აკეთებს მხოლოდ ამას! და არა იმას, რომ ამდენ ლაი–ლაის ადგეს და ცხოველს მიხედოს, შეიძლება ასეთი ტაქტიკაც აქვთ, ჰგონიათ, რომ რაც უფრო გამოხატავს თავის განათლებულობას მით უფრო მოიპოვებს პაციენტის პატრონის კეთილგანწყობას და იმედს, ეგეც ერთგვარ მის კომპლექსზე მეტყველებს. ჰოდა მინდა ეგ იმედი გაგიცრუოთ, ვიცი, რომ უნივერსიტეტში კარგად ისწავლეთ, მაგრამ ეგ სწავლა სულ ფეხებზე მკიდია მე პირადად და დარწმუნებული ვარ სხვებსაც, როცა ცხოველი მოგვყავს თქვენთან, ტრაკი აწიეთ, გააჩუმეთ ეგ ენა და მიხედეთ პაციენტს! ტერმინების განმარტებანი კი შეგიძლიათ ასაკში რომ შეხვალთ მაშინ გამოუშვათ წიგნად.




VI ვეტ–ექიმი, რომელსაც არ უყვარს ცხოველები და უბედურია თავისი ბედით, იმიტომ, რომ მეტს იმსახურებდა! 

აი ეს, არის, ის ვიზეც დასაწყისში ვსაუბრობდი, ეს არის ადამიანი, რომელსაც არ უნდა ამ ცხოველებზე ზრუნვა, მაგრამ რა ქნას, ფულს შოულობს, კარგი სახელი აქვს, პოპულარულია და რა ქნას აბა? როგორმე უნდა აიტანოს ეს "დასაწვავი პროფესია". ცხოველთან შეხების დროს თითის წვერს რომ ადებენ, ზერელედ და პასუხსაც უცბად ზერელედ რომ გესვრის. რაც შეიძლება ბევრი აცვია, რომ არ დაისვაროს ან არ დაიფხაჭნოს, შორიდან ეპარება ცხოველს და ცდილობს პროცედურა მალე მოათავოს, ან უბრალოდ დათვალიერება თუა მაგასაც მალე ცდილობს, რომ მორჩეს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს ყველაფერი სახეზე აწერია, კარგი აკეთებ ამ ყველაფერს, გააკეთე, მაგრამ ის მაინც ისწავლე, რომ დამალო ეს ემოცია. როდესაც სინჯავს ცხოველს სახე რომ აქვს გამომეტყველებით "ამის დედაც მოვტყან, მე უფრო მეტს ვიმსახურებ, ვიდრე ამ ძაღლის/კატის ტრაკში ძრომიალს". 
ასეთი ტიპის ექიმზე მეტი რაღა უნდა ვთქვა, ერთი შეხედვა და დანახვა, როგორ ექცევა ცხოველს ეგეც საკმარისია და მთელი ცხოვრება მეყოფა, რომ "შთაბეჭდილება" არ დამეკარგოს.  ამიტომაც კიდევ ვიმეორებ! სანამ ამ პროფესიას დაეუფლებიან, სხვა ფასეულობებს უნდა მიექცეს ყურადღება, მათი უნივერსიტეტში ჩაბარების დროს! 

კიდევ ძალიან ბევრ ტიპად შეიძლება ვეტერინარები დაიყონ, მაგრამ აღარ გავაგრძელებ, ვფიქრობ ეს ყველაზე მთავარი ტიპებია რაზეც ვისაუბრე. 

თუმცა მე აქ ვილაპარაკე უკვე შემდგარ ვეტერინარებზე, მაგრამ არ მისაუბრია მომავალ ექიმებზე. ახალგაზრდა თაობასაც ვიცნობ გოგო–ბიჭებს, და ვაი ჩვენი და ჩვენი ოთხფეხა ცხოველების ბედი, ვის ხელში უნდა ჩავარდეს!! საშინლად ცივები, ყველაფერზე პასუხია "დაძინება". რამე აწუხებს? დაძინება, რამე ცოტათი სერიოზულია? დაძინება! ყველა გამოსავალს მხოლოდ აქ ხედავენ. ისე ცივად და გულგრილად მიუსჯიან ხოლმე ამ ცხოველებს განაჩენს, მერე დადგება და ერთ სემინარს ჩაატარებს სიკეთეზე და სიბრალულზე, ამის მერე წავა და დეკოდეკოზიან ძაღლს დასაწყისი სტადია რომ აქვს, სასიკვდილოდ გასწირავს. კიდევ კარგი ჯერ მხოლოდ სწავლობენ და რეალურად შესაძლებლობა არ აქვთ რამე გააკეთონ და იმის იმედიც მაქვს მათი უმრავლესობა არ შედგება როგორც ვეტერინარი, რომ არ დაღუპონ ცხოველები. 



არადა, იმის იმედიც არ მაქვს, რომ რამე გამოსწორდება. ეს სიტუაცია რაც ხდება ვეტ–ექიმებში, არც ქვეყნის განვითარების ბრალია და არც ხელისუფლების. ეს არის ერის პრობლემა! ერს არ უყვარს ცხოველები, თუ ერს არ უყვარს ცხოველები, მაშინ ეს პროფესიაც ზედმეტია.

ჰოდა შე კაი ადამიანო, რომ იცი რომ არ გიყვარს ეს ცხოველები, რატომ ირჩევ ამ პროფესიას? წადი ჩააბარე სადმე სხვაგან, ეკონომისტი გახდი, იჯექი ბანკში, ადვოკატი გახდი, ნოტარიუსი და აკეთე ისე ფული, მაგრამ ამ ცოცხალ არსებებს მაინც ნუ დახოცავ და გაწყვიტავ!

ამ ყველაფრის მერე, მაინც იმ ადამიანების იმედად ვარ, ვისაც უყვარს ცხოველები და ვინც პირველ ტიპში განვიხილე, მხოლოდ ეგენი თუ გამოასწორებენ სიტუაციას! მოკლედ გვჭირდება, კეთილი, სათნო, ცხოველების მოყვარული და თავდადებული ადამიანი!

რაც შეეხება, სხვებს, კარგი იქნება თუ ვეტერინარები წაიკითხავენ ამ პოსტს და რავიცი იქნებ ცოტა გონება გაუნათდეთ.  ისიც ძალიან გამიხარდება თუ  თავიანთ თავსაც ამოიცნობენ...

Sep 3, 2014

სად მიდიან ჩვენი ცხოველები სიკვდილის შემდეგ?




არ გიფიქრიათ ამაზე? სად მიდიან ჩვენი ცხოველები, ჩვენი ერთგული არსებები სიკვდილის შემდეგ?

ამ პოსტს მხოლოდ ის ადამიანი ჩასწვდება ვისაც ძალიან უყვარს ცხოველები, ისინი ალბათ ვერასდროს გაიგებენ ცხოველი მარტო შემწვარი ტაფაზე რომ უყვართ.

ბავშვობაში სიგიჟემდე მიყვარდა ანიმაცია " All Dogs Go to Heaven" რამდენჯერაც ვუყურებდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სულ ვტიროდი და სულ მეცოდებოდა ჩარლი. დღემდე მეტირება ხოლმე. ზოგადად გულჩვილი ცხოველების მიმართ უფრო ვარ, ვიდრე ადამიანების.  უფრო კი არადა, იშვიათად რომ ადამიანის მიმართ სიბრალული განვიცადო.

პირველი ჩემი საყვარელი ცხოველი თეთრი ბულტერიერი იყო, რომელიც 4 წლის ვიყავი როცა გარდაიცვალა, ბევრი არაფერი მახსოვს მის შესახებ, მაგრამ ზუსტად და ნათლად მახსოვს როგორ ვასეირნებდი ქუჩაში, მშობლები ნელა მომცემდნენ ხოლმე "აშეინიკს" და მეც მიმყავდა, ბევრი მოგონება სამწუხაროდ არ მაქვს, ნაწყვეტ–ნაწყვეტ მახსოვს, გარეთ რომ იჯდა ხოლმე, ჭამდა, ეძინა. მაგრამ არასდროს დამავიწყდება როგორი იყო, მისი სახე, თვალები, ამდენი წლის შემდეგაც ეგ ყველაფერი რაც შემორჩა ჩემს მეხსიერებას გუშინდელი დღესავით მახსოვს. ისიც კარგად მახსოვს, დილას მოკუნტული რომ ვნახე დაძინებული, დედაჩემი როცა ტანსაცმელს მაცმევდა, ვკითხე ეძინა თქო ხომ? დედამ მითხრა კიო. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემმი ცნობიერი მაშინვე მიხვდა, რომ არ ეძინა მაგრამ მაშინ  ნათქვამი პასუხი დავიჯერე. ალბათ სწორედ ეგაა ბავშვობაც, ყველაფერს სხვანაირად ვუყურებთ და კარგი დასასრულის გვჯერა.


მეორე  ჩემი საყვარელი ცხოველი შავი კნუტი სახელად იოკო 7 წლის ასაკში დავკარგე. დღემდე მახსოვს ის მომენტი, ისიც კი მახსოვს როგორი ამინდი იყო, რომელი საათი იყო. სიკვდილის მიზეზი განსაკუთრებული არ ყოფილა, ძალიან სუსტი იყო და ვერ გადარჩა.  სწორედ მაშინ "ვიგემე" ეს სასტიკი მომენტი, როცა ვერაფერს ვერ შველი შენს საყვარელ ცხოველს. იოკო ჩემს ეზოში დავასაფლავებინე დედაჩემს და წლები ისე გავიდა იმ ადგილს არასდროს არავინ შეხებია, ქვებით მქონდა შემოფარგლული და არც არასდროს არაფერი დაურგავთ იქ, დაუბარავთ, მოკლედ იოკოს ადგილი წლების შემდეგ ისე იყო, როგორც ჩემი 7 წლის ასაკში ყოფნისას.


ჩემი ადრეული წლების ყველაზე დიდი დანაკარგი, რომელმაც სამუდამო კვალი დატოვა ჩემს მომავალზე, რომელსაც ყველა სხვა ცხოველში ვეძებ დღემდე, ჩემი შავი ფუმფულა კატა მუმია იყო. სახელი მართლაც სასაცილო და უცნაურია მაგრამ ალბათ მაგ ისტორიასაც ოდესმე დავწერ.  მუმია, სულ პატარაობიდან მახსოვს, ერთი ციცქნა გაბურძგნული კნუტი რომ იყო, ავი და უკარება. მოკლედ შეიძლება ითქვას ერთად გავიზარდეთ. იმდენად ბევრი მოგონება მაკავშირებს ჩემს კატასთან, შეიძლება ითქვას ჩემი ოჯახის წევრი იყო, ჩვეულებრივი ადამიანივით მყავდა.  ძალიან დიდი ეზო მქონდა და მახსოვს რომ დაღამდებოდა, მაშინვე მოდიოდა და კარებთან აფხაჭუნებდა, ეხლაც მახსოვს როგორ შემოირბენდა ხოლმე, თავის ფუმფულა კუდს ააქიცინებდა. ყოველ ახალ წელს 12–ს რომ წუთები დააკლდებოდა მაშინ მოდიოდა და ერთად ვხვდებოდით ხოლმე მთელი ოჯახი. ჩემი ბავშვობის ყველა სურათშია , ხან მარტო, ხან თავის შვილებთან ერთად, ეხლაც კი მახსოვს როგორი ფაფუკი ბეწვი ჰქონდა, როგორ ვიხუტებდი ხოლმე, აბსოლიტურად ყველა შეგრძნება მახსოვს. საკმაოდ დიდი ხანი იყო ჩემთან ერთად დაახლოებით 5 წელი. 13 წლის ვიყავი როცა გარდაიცვალა.  ფეხმძიმედ იყო, უკვე მალე კნუტებს ელოდებოდა, როცა შევატყვეთ რომ ძალიან წუხდა, ცუდად იყო, კარგად მახსოვს დავიწვინე მუცელზე ვეფერებოდი, ცოტა ხანი ჩერდებოდა. მივხვდით, რომ მშობიარობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა. მაშინ ისეთი დრო იყო, ახლა რომ არის ყველგან ვეტ–კლინიკები და თუნდაც ტელეფონითაც რომ შეუძლიათ კონსულტაცია გაგიწიონ, ფაქტიურად არ არსებობდა ასეთი რამეები ან ძალიან იშვიათი იყო.  მაშინ ბოლოჯერ ვნახე, აივანზე. როცა ვცდილობდი რომ ტკივილი შემემსუბუქებინა. მერე წავიდა და იმ დღის შემდეგ აღარასდროს გამოჩენილა, არვიცი კარგია თუ ცუდია რომ ვერ ვნახე გარდაცვლილი, იქნებ ჯობდა ისიც დამესაფლავებინა და რაღაც მომენტში მცოდნოდა სადაც იყო, თუნდაც მკვდარი. მაგრამ ვერ ვნახე. ორი დღე რომ აღარ გამოჩნდა უკვე ისედაც გასაგები იყო რაც მოუვიდა. დღემდე უდიდესი ტკივილია ჩემი და დედაჩემის. თითქმის ძალიან იშვიათად ვლაპარაკობთ მუმიაზე და თუ გავიხსენებთ ყოველთვის ცრემლით მთავრდება ხოლმე საუბარი. დღემდე სადმე შავ ფუმფულა კატას რომ დავინახავ ხოლმე, სულ მახსენდება, ვაკავშირებ ვცდილობ მივამსაგვსო ხოლმე. ხშირად ვფიქრობდი ხოლმე, რომ იქნებ შავი ფუმფულა კატა მოგვეყვანა სახლში, მაგრამ მერე ვხვდები რომ აზრი არ აქვს, იმას მაინც ვერ ჩაანაცვლებს და სურვილი რომ შავი კატა მყავდეს, მხოლოდ გარდაცვლილის დაბრუნების სურვილია, რაც შეუძლებელია და ამიტომ ეს იდეა აღარ განვახორციელე.  როდესაც ბავშვობას ვიხსენებ ხოლმე, ხომ იცით ალბათ თქვენც ასე გაქვთ, რაღაც კადრებად გახსენდებათ, მომენტები, სიტუაციები, ჰოდა არ არსებობს ჩემი მუმის გარეშე გავიხსენო ხოლმე, თითქოს მიბმულია ჩემს ბავშვობასთან და ავტომატურად დაკავშირებული.



ახლა როცა ამ პოსტს ვწერ 22 წლის ვარ, მალე 23 ის გავხდები.ამ პოსტის წერის მიზეზი, ჩემს ცხოვრებაში ორი არსების დანაკარგია. ორი პატარა ლეკვი მომიკვდა და არც კი ვიცი ამ მომენტში იცოცხლებს თუ არა მათი დედა. ამაზე ფიქრი არც კი მინდა. საერთოდ არც მინდა ამ ტკივილზე ვისაუბრო. იმიტომ რომ არვიცი რა დავწერო, როგორ გადმოვცე არადა მჭირდება რომ რამე დავწერო, მაგრამ არ შემიძლია. როცა 22 ის ხარ ყველაფერი სხვანაირია ცხოვრებაში. როცა 22 ის ხარ იცი, რომ ერთხელ დაკარგული უკან აღარ დაბრუნდება, ვერც დრო დაბრუნდება და საერთოდ ვერაფერს შეცვლი.

ოდესმე მოვიკრებ ძალასაც და დავწერ, ასმაგად მტკინვეული რატომ არის ამ ორი არსების სიკვდილი ასე მძიმე ჩემთვის. ვინც ჩემს პოსტებს კითხულობთ, აუცილებლად გეცოდინებათ რა ლეკვებზეც მაქვს საუბარი და საერთოდ რამდენი რამე გავაკეთე, რომ კარგად ყოფილიყვნენ.  მოვახერხე ის, რომ ორი ეხლა ბედნიერია პატრონთან, ორმა კიდევ ვერ ნახა ცხოვრება ვოლიერს მიღმა. მაგრამ მაინც მიხარია რომ ეს ორი თვე ვაჩუქე, გავახარე, ვზრუნავდი მე რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. მოკლედ თავის დამშვიდება მხოლოდ ასე შემიძლია.

იმის არ მჯერა, დრო მკურნალიაო რომ იძახიან. არ ვარ იმ ადამიანების კატეგორია დრო, რომ შველით. პირიქით, რაც უფრო გადის დრო მით უფრო მიმძაფრდება ტკივილი. 10 წლის შემდეგაც ისე ვიტირებ ჩემს პატარებზე, როგორც ეხლა, ან უფრო უარესად.

საერთოდ როცა ადამიანებს ცხოველი ეღუპებათ, სულ სხვანაირი ტკივილია და სხვანაირი განცდააა. არც ვადარებ ადამიანის დაკარგვას და ცხოველის დაკარგვას ერთმანეთს, იმიტომ რომ ეს ორი სხვადასხვა სიტუაციაა.

ზოგადად სხვა ადამიანებისგან მომისმენია რომელთაც მოკვდომიათ ერთგული მეგობარი რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს მაინც იგივე ტკივილით იხსენებენ. ეს იმის ბრალია, რომ ცხოველის გარდაცვალების შემდეგ მასთან კონტაქტიც წყდება.  ანუ ჩვენი რელიგია ავიღოთ,  ხან მიცვალებულის დღეა ხან რაღაცა დღე. სულ თავი რომ დაანებო ყველაფერს, რელიგია არ გაძლევს იმის საშუალებას რომ გარდაცვლილ ადამიანს დაშორდე.  ადამიანის შემთხვევაში გაქვს საფლავიც, სადაც დადიხარ, ზოგიერთისთვის ესეც შვებააა. თითქოს არ კარგავ კონტაქტს, იქ რაღაც გვჯერა თითქოს სხვა სამყაროსი, გამოცხადებების. არ ვიცი ეს რამდენად სიმართლეა, მაგრამ ყოველშემთხვევაში ადამიანის ფსიქიკაზე ახდენს გავლენას და ერთგვარად ამშვიდეს კიდეც. იმის ცოდნა, რომ შენი საყვარელი ადამიანი სადღაც არსებობს ალბათ ეგეც შვებაა.

ცხოველზე კი სხვანაირადაა ყველაფერი, საფლავი მაშინ ექნება, თუ ადამიანი მოახერხებს ამას და თუ ეზო აქვს, სიკვდილის შემდეგ არც კი იცი სად მიდის. მასთან ყველანაირი კონტაქტი წყდება, რაც დაგრჩა არის მხოლოდ შენი მოგონებები, ფოტოები და ვიდეოები.

სულ სხვა რამეა ის სინანული რასაც განვიცდით, ცხოველი მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, ყოველთვის ფიქრობ, იქნებ უფრო მეტი შემეძლო და ვერ გავაკეთე, ან იქნებ შეიძლებოდა გადარჩენა და მე ეს ვერ შევძელი.

ერთი რამ, ვიცი ზუსტად, სიკვდილი არ გვაშორებს მათთან, სიკვდილი უფრო გვაახლოებს! ორი ლეკვი რომელიც გაჩუქდა და ახლა დაბინავებულია, ალბათ უფრო იშვიათად გამახსენდება და ფრაგმენტულად, ვიდრე ეს ჩემი ორი გოგო. სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრებიან თავიანთი ლამაზი თვალებით.  წარუშლელი კვალი დატოვეს ჩემს ცხოვრებაში და ალბათ ძალიან ძალიან მოხუცი რომ ვიქნები ( თუ ვიქნები, იმედი მაქვს ვიქნები) მაშინაც მემახსოვრება მათი ანცი, სევდიანი, და საყვარელი გამოხედვა.

ასე რომ, სად მიდიან ჩვენი ცხოველები სიკვდილის შემდეგ? მე მაინც მჯერა და ჩემი ბავშვობის საყვარელ ანიმაციას დავუჯერებ, და დავიჯერებ რომ ყველა ძაღლი სამოთხეში ხვდება. არ ვიცი ეს როგორი სამოთხეა, მაგრამ მჯერა რომ ჩემი გოგოები პუფი და კროულინა ეხლა ძალიან ლამაზ, მზიან აადგილას ბალახებში გორაობენ და თამაშობენ, სადაც სულ თბილა, სულ მზეა და ძალიან ბევრი საჭმელი აქვთ, სადაც არასდროს იქნებიან ვოლიერში და იოცნებებენ თავისუფლებაზე, სადაც არასდროს არაფერი ეტკინებათ და არასდროს არაფერი ეწყინებათ.

მერე კი, ბევრი წელი რომ გავა, ერთმანეთს აუცილებლად ვნახავთ. სხვანაირად შეუძლებელია და წარმოუდგენელია.


Aug 18, 2014

საზოგადოების მიერ გარიყული და თავშესაფრის მიერ გადარჩენილი ჩემი გეკა











დღეს 16 აგვისტოა და უსახლკარო ცხოველთა საერთაშორისო დღეა.

როცა ამ პოსტს ბლოგზე დავდებ, უკვე ღამის 12 საათს გადაცდენილი იქნება, მაგრამ არაუშავს.

ჩემი აზრით ზუსტად ამ დღეს უნდა დამეწერა ის, რის დაწერასაც და თქვენთვის მოყოლასაც ვაპირებ.

გეკა ჩემს კორპუსთან გოგოს სიყვარულმა მოიყვანა, აი ამ გოგოს სიყვარულმა. ნუ ხომ ხვდებით, იმ დროს ბევრი ძაღლი მოვიდა, მაგრამ ეს თეთრი ბეწვის გორგალი არსად არ წასულა, ისე დარჩა თითქოს ერთმანეთს ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით. ძალიან კარგად მახსოვს სულ პირველად როგორ ვნახე, ეზოში რომ ჩავედი, მაშინვე შევნიშნე ესეთი ლამაზი და ფუშფუშა ძაღლი და დავუძახე, ისიც მოვიდა და მაგის მერე აღარც მომშორებია. ბინა ეზოშივე დაიდო, ხან იქ ეძინა, ხანაც სადარბაზოში. მთელ დღეებს გორიალასთან ერთად ატარებდა, როგორც კი გარეთ გავიდოდით ან მე ან დედაჩემი, მაშინვე მოდიოდა, ყველგან მოგვყვებოდა. რატომღაც ჩემი ოჯახი "ამოიჩემა"  და ყველა ძალიან შეგვიყვარა. სხვებთან არც მიდიოდა, არც ეთამაშებოდა, არც აფერებინებდა.
მთელი მისი ეზოში ყოფნის პერიოდი, ძალიან ბედნიერად გავატარეთ. უნივერსიტეტში როცა მივდიოდი, მაცილებდა და მერე იქვე მხვდებოდა ხოლმე, მაღაზიაში რომ წავიდოდით, ერთგულად იდგა კარებთან. ისე ძალიან შემაყვარა თავი, რომ უკვე წარმოუდგენელიც იყო გარეთ გასვლა მაგის გარეშე. ფანჯრიდან ვიყურებოდი ხოლმე, რომ თვალი მომეკრა და დამენახა. თავი მარტო ჩვენ კი არა, გორიალასაც ისე შეაყვარა, თუ ერთად არ იყვნენ ძალიან მოწყენილი იყო ხოლმე ჩემი გოგო.
თუმცა, როგორც მერე აღმოჩნდა, როცა მე ეზოდან ამოვდიოდი და უკვე გეკას ვეღარ ვხედავდი, იქ სხვა ამბებიც ხდებოდა, რომელიც მერე დროთა განმავლობაში ნელ–ნელა გავიგე. გეკას ურტყამდნენ, დასდევდნენ, აწვალებდნენ, როცა ეძინა ეპარებოდნენ და აშინებდნენ.
მოკლედ რომ ჩამოგიყალიბოთ ჩემი მეზობლების ტიპაჟები, ამას გეტყვით. ჩემს კორპუსს 4 სადარბაზო აქვს, და დამიჯერეთ ამდენი მოსახლიდან არცერთს მაცხოვრებელს არათუ ძაღლი და კატა, ჩიტიც კი არ ყავთ ან თევზი. არ ყავთ არანაირი არსება რომელზეც ზრუნავენ, ცხოველი კი არა, ერთმანეთს ვერ იტანენ, უბრალოდ ვერ კლავენ, ციხეში ჩასაჯდომადაც ეცოდებათ თავიანთი თავი, თორემ მაგაზეც არ დაიხევდნენ უკან.

ახლა ისევ ძაღლებს მივუბრუნდები,საქმე იმაშია, რომ გორიალასგან განსხვავებით, გეკა რადიკალურად სხვანაირი ხასიათის ძაღლია. გეკა არაა ის ძაღლი, რომელსაც ქვას ესვრი, წიხლს სახეში ჩაარტყავ და გაიქცევა, ძაღლი, რომელიც დაივიწყებს ამას და შეეშინდება.  გეკას ძალიან ხშირად, ჩემს გვერდზე სადარბაზოს შესასვლელში ეძინა ხოლმე, ჰოდა იქიდან გამოსვლის დროს, ერთ–ერთი ადამიანის უმსგავსო საქონელი, რამდენიც გამოვიდოდა იმდენი მისიად ჰქონდა რომ ამ ძაღლისთვის ჩაერტყა, ჰოდა ერთ დღესაც, გეკა გაეკიდა და ფეხზე უკბინა. მე პირადად ამ პროცესს არ შევსწრებივარ და არც ვიცოდი, მანამ სანამ, ამ 40 წლის აყლაყუდას და ქართველი ვაჟკაცის დედამ 112–ში არ დარეკა დაზარალებულის სახელით და გეკას წაყვანა ითხოვა. მანქანა მოვიდა, მაგრამ ვერ დაუჭერიათ. მე როცა გავიგე და ეზოში ჩავედი, უკვე წასულები იყვნენ, მაგრამ ჩემი მეზობელი ისეთი "ადამიანია", ტელეფონს რომ დაიჭერდა ხელში ვეღარ აგდებდა, ჰოდა დღეში 10 ჯერ და 20 ჯერ რეკავდა, იმავე დღესვე ისევ მოვიდა ეკიპაჟი, მაგრამ მაინც ვერ დაიჭირეს.
იმდენად წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, გეკას წაყვანა რაც იმას ნიშნავდა, რომ ვეღარასდროს ვნახავდი, საშინელი სტრესი მივიღეთ მთელმა ოჯახმა, გარეთ იმდენად ხშირად ვიხედებოდი, იმის ლოდინში, რომ აი ეხლა კიდევ მოაკითხა მანქანამ და ეხლა კიდევ მოაკითხა, რომ რამის გავგიჟდი. თუმცა იმის შემდეგ გეკას წაყვანა აღარ უცდიათ...... დროებით...

იმ დღეების განმავლობაში, ბევრი რამ მოხდა, ჩემს ძმას საშინელი ვირუსი შეხვდა და საავადმყოფოში იწვა დედაჩემთან ერთად. ამიტომ სახლიდან თითქმის სულ გასული ვიყავი. ძალიან კარგად მახსოვს და არც დამავიწყდება ეგ თარიღი  17 ივნისი იყო, სანამ საავადმყოფოში წავიდოდი, ეზოში ჩავედი, გეკას და გორიალას ვაჭამე და წავედი. საღამოს უკან რომ მოვდიოდი საჭმელი ვუყიდე ისევ და სახლში დავბრუნდი. ეზოს როგორც კი მოვუახლოვდი, ძახილი დავიწყე, გორიალა მაშინვე გამოჩნდა, მაგრამ გეკა არსად იყო..  არც მეგონა, თუ ამდენი დღის გასვლის შემდეგ გამოძახებას კიდევ გააკეთებდნენ. ერთმა  მეზობელმა კაცმა დამიძახა და მითხრა, ტყუილად ნუ ეძებ, დღეს მანქანა მოსული იყო და წაიყვანესო...
დიდი ტანჯვით წაუყვანიათ, ვერაფრით დაუჭერიათ გეკა, ორჯერ უსვრიათ რომ დაეძინებინათ და მეორეჯერ რომ ესროლეს ძლივს დააძინესო, ხან რითი მიიტყუეს, ხან რითი და ბოლოს ძლივს წაიყვანესო. წესიერად არც მახსოვს ამას რომ მიყვებოდა ეს კაცი, იმიტომ, რომ ეს ამბავი იმდენად მოულოდნელად დამეცა თავს, საერთოდ ვერ გავიაზრე რა ხდებოდა, რატომ მოხდა ესე, რა ბედი ეწეოდა გეკას, როგორ იყო ნეტავ, რას უზამდნენ. იმდენ რამეზე ვფიქრობდი... საერთოდ არ მიყვარს ჩემს ემოციებზე საუბარი და ამიტომ ამ ნაწილს გამოვტოვებ, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ რას ვგრძნობდი იმ მომენტში, როცა ჩემი ერთგული მეგობარი ძალიან დიდი უსამართლობის მსხვერპლი გახდა და საერთოდ არც ვიცოდი, ოდესმე ვნახავდი თუ არა.

დედაჩემი როგორც კი გამოვიდა საავადმყოფოდან, მაშინვე დავიწყეთ თავშესაფრის კოორდინატების მოძიება, რადგან საერთოდ არანაირი შეხება ადრე არ გვქონია. 112–შივე მისცეს დედაჩემს თავშესაფრის დირექტორის გელა გოგიჩაიშვილის ნომერი, მაშინვე დავუკავშირდით. ძალიან გაგებით შეხვდა სიტუაციას, მაშინვე მოიკითხა გეკა და გვითხრა, რომ ნამდვილად თავშესაფარში იმყოფებოდა ძაღლი.  შეატყო დედაჩემს, რომ ძალიან ნერვიულობდა და განიცდიდა გეკას ამბავს, დააამშვიდა და შესთავაზა, რომ თუ თანახმა ვიქნებოდით, ძაღლს გაუკეთებდნენ კასტრაციას, დაადებდნენ ბირკას და გამოუშვებდნენ ბუნებრივ, პირვანდელ არეალში, თუ მას და მის ქმედებებს დადებითად შეაფასებდნენ კინოლოგები, ასევე რადგან გეკა იყო მიყვანილი იქ დაკბენის ფაქტზე, უნდა მომხდარიყო მასზე დაკვირვება, თუმცა დაკბენიდან 9 დღე გასული უკვე იყო და მხოლოდ 1 დღე იყო დარჩენილი. თანხმობა მაშინვე განვაცხადეთ ამაზე.  ნამდვილად დაგვამშვიდა ამ სიტუაციამ. ხომ იცით, საქართველოში თავშესაფარს როგორი სახელიც ჰქონდა, ამიტომ უფრო ვნერვიულობდი გეკას ბედზე, მაგრამ ბატონ გელასთან  საუბრის შემდეგ ნამდვილად დავმშვიდდით. ახლა უკვე მთავარი იყო კინოლოგების დასკვნა და ოპერაციის შემდგომი პერიოდი.  სანამ ოპერაციას გაუკეთებდნენ, დედაჩემი ავიდა გეკას სანახავად, მე ვერ მოვახერხე. დედაჩემმა ნახა ვეტერინარიც, კინოლოგებიც და გელა გოგიჩაიშვილიც. როგორც აღმოჩნდა, გეკა სულაც არ იყო ავი და საშინელი ძაღლი, როგორც ჩემი მეზობლები ახასიათებდნენ, პირიქით ძალიან ჭკვიანად იქცეოდა, არ იყო აგრესიული. თუმცა გასაკვირი არცაა ეს, სადაც მშვიდი გარემო იყო და არავინ ვნებდა ძაღლს, ისიც თავს კარგად გრძნობდა და არავის არ ერჩოდა.

შემდეგ გაუკეთდა მალევე ოპერაციაც, რომელიც გაუკეთა ვეტერინარმა ნოდარ მაღრაძემ.





ნოდარი ოპერაციის შემდეგაც ზრუნავდა გეკაზე, ყოველთვის კონტაქტზე იყო, გვესაუბრებოდა. ოპერაციის წინაც კი დარეკა და გვითხრა ეხლა შემყავს საოპერაციოში და როცა გამოვალ ყველაფერს გეტყვით რა, როგორ იქნებაო.

რამოდენიმე ხნის შემდეგ კი, როცა ყველანაირი დაკვირვების ვადა გავიდა, ჩემი კორპუსის ეზოში მოულოდნელად 112 ის მანქანამ გეკა უკან დააბრუნა, ვაღიარებ რომ ამ მანქანის დანახვა ასე არასდროს გამხარებია. მაგრამ, თქვენ უნდა გენახათ ჩემი მეზობლების რეაქცია, როცა გეკამ მოიარა ეზო და თითქმის ყველამ ნახა, ისეთი ამბავი ატეხეს, თითქოს დემონი დატოვა ვინმემ ქუჩაში. ვერც კი დამალეს ის ემოცია და ის აღშფოთება, თანაც ვერაფერს ვერ ამბობდნენ, რადგან გეკა იყო უკვე აცრილი, ბირკადადებული და ნაოპერაციები და რეალურად იგი აღარ წარმოადგენდა არავისთვის საფრთხეს. თუ ადრე იძახდნენ, რომ "ვაიმე ცოფიანია და რა ვიცით რა სჭირს" უკვე ვეღარაფერს იტყოდნენ და ამიტომ უნდა ჩაეგდოთ ენა მუცელში.
სიმართლე, რომ გითხრათ, გეკაც ნამდვილად შეცვლილი იყო, უფრო მეტად დამშვიდებული, დადინჯებული, საერთოდ არ ყეფდა. მთელი დღე რასაც აკეთებდა იყო ის, რომ ეზოში სკამის ქვეშ ეძინა. მე თუ სადმე გავიდოდი, მხოლოდ მაშინ მომყვებოდა, მერე ისევ წვებოდა და ისვენებდა. ისეთ დონეზე მივიდა უკვე ჩემი სამეზობლო, რომ ეზოში წყალს კეტავდნენ, რომ ძაღლს არ დაელია, ისიც აღიზიანებდათ, რომ არსებობდა და დადიოდა. რა თქმა უნდა, არ შეწყვეტილა გეკასთვის წიხლების რტყმევა, რამოდენიმეჯერ შევესწარი და გამოვლანძღე ეს ხალხი, მაგრამ მე სულ ეზოში ვერანაირად ვერ ვიყავი და აქედან გამომდინარე ამ ძაღლს, ამ "ადამიანებისგან" ვერ ვიცავდი. როცა მეგონა, რომ ყველაფერი მორჩა და ეხლა მაინც შეეშვებოდნენ ამ არსებას. იმ ქალბატონმა და ქალის მსგავსმა, ვინც პირველად გააკეთა გამოძახება ისევ, გამოიძახა მანქანა, აი ეს მართლა შოკი იყო, იმიტომ, რომ არანაირი საფუძველი ძაღლის წაყვანის არ არსებობდა. ეს ნამდვილად იყო დიდი სანახაობა, ამ ერთი პატარა ძაღლის გამო შემოიკრიბეს მთელი თავიანთი გიჟების ბანდა, დადგნენ და მოყვეს ლეგენდები, ისეთი რამეები დააბრალეს ძაღლს საერთოდ რომ არ მომხდარა, იდგა ამხელა 100 წლის ხალხი , 2 მეტრიანი კაცები და იძახდნენ, რომ საფრთხეს წარმოადგენდა, რომ ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ თურმე, ძაღლი არ უნდა ყეფდეს, არ აძინებს თურმე არავის, ელოდება სადარბაზოსთან რომ ეცეს და დაგლიჯოს. აი ეს იყო საზოგადოება, ამხელა უსამართლობის მოსმენა, და როცა ვერანაირად ვერ ვამტკიცებდი საპირისპიროს, იმიტომ რომ ისინი იყვნენ უმრავლესობა და როგორც იცით უმრავლესობა ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის მართალია.
უცბად აღმოჩნდა, რომ თურმე ძალიან ბევრი ჰყავს "დაკბენილი" მაგრამ რეალურად ვერავინ ვერ მოიყვანეს რომ ეჩვენებინათ ვის უკბინა კიდევ. ის ადამიანი კი ვინც დაკბინა ან არც კი ვიცი უკვე ნამდვილად უკბინა თუ არა, ამხელა კაცი სახლში იჯდა, დღემდე არ ვიცი ვინაა სახეზე და დედამისი გამოუშვა რომ ეწივლა, ეკივლა და ისტერიკები მოეწყო. მე და დედაჩემი ვიყავით გაოგნებულები და შოკირებულები, ხალხი იდგა და ყვებოდნენ რაღაც სისულელეებს, უსაფუძვლო უაზრო ბრალდებებს აჟღერებდნენ, როგორც კი ვუთხარით, რომ სადისტები  იყვნენ და ყოველდღე ძაღლს ურტყამდმე, ამაზე გაჩუმდნენ და გატრიალდნენ.
ეხლა რომ მახსენდება, ნამდვილად "მებრალებიან" ადამიანები, რომლებსაც ცხოვრება არ გააჩნიათ, ერთ მუშტად შეიკრნენ იმისთვის, რომ არსება, რომელსაც არ შეუძლია ლაპარაკი და თავს ვერ დაიცავდა, დაემცირებინათ, გაენადგურებინათ, მარტო იმიტომ რომ, თავიანთი თავისთვის გაესწორებინათ და უბრალოდ გეკა ეზოდან მოეშორებინათ. ერთი 100 ჯერ მაინც ითქვა, "კინაღამ გამომეკიდა" "კინაღამ დამიყეფა" "ცუდად მიყურებს" და აი ამ სისულელეების წინააღმდეგ ვერ გავაკეთე ვერაფერი. რადგან ეს ბრბო შეიკრა და ბრბოს წინააღმდეგ ერთი და ორი ადამიანი უძლურია! საუბედუროდ!
იმ დღეს გეკა არ წაიყვანა ეკიპაჟმა, იმიტომ რომ საერთოდ არ არსებობდა არანაირი საფუძველი, რეალურად არ იყო დაკბენა დაფიქსირებული, მარტო იმიტომ, რომ ჩემი 90 წლის მეზობელი მოკლე კაბას ვერ იცვამს იმიტომ, რომ ეშინია ძაღლი კოჭებში არ მიახტეს მაგ მოტივით ვერ წაიყვანეს.

იმ დღესვე ჩავედი, კარგად ვაჭამე გეკას, ვიცოდი, რომ ასე სიტუაცია არ დამთავრდებოდა და შეიძლებოდა ბოლოჯერაც ვხედავდი ამ ეზოში. ცოტა საღამოსკენ კი, საერთოდ ისეთი ხმები გავრცელდა ჩემი მეზობლებისგან, რომ ისიც ვიფიქრე, ნეტა 112ს წაეყვანა თქო, უკვე გეგმებს ალაგებდნენ, როგორ უნდა "მოეშორებინათ" თავიანთი ძალებით, ხვდებით ალბათ რასაც ვგულისხმობ. თუმცა არვიცი მეორე დღეს რა გააკეთეს და საერთოდ ეხლა უკვე აღარც მინდა ვიცოდე, ძაღლი რომელიც დედაჩემმა ნახა, გაიყვანა მაღაზიისკენ და უკან მოაბრუნა, ნახევარ საათში დაიკარგა. როცა ჩავედი აღარ იყო არსად, კიდევ ვიმეორებ არვიცი რა გააკეთეს, ალბათ ან ხელწერილები შეაგროვეს ან არვიცი, როცა გელა გოგიჩაიშვილს დავუკავშირდით ისიც ისე, ვიკითხეთ ვარაუდზე, იქ ხომ არ იყო გეკა, აღმოჩნდა რომ ძაღლი ისევ თავშესაფარში იმყოფებოდა. ნამდვილად ვერ ვხვდები ესე უცბად როგორ მოხდა წაყვანა, თუმცა მეზობლებისგან არც მიკვირს არაფერი და ამდენი ხნის შემდეგ უკვე არც მინდა ვიცოდე კიდევ ვიმეორებ.
ჩემთვის და დედაჩემისთვის ეს იყო ნამდვილი ტრაგედია. რადგან ვიცოდით, რომ გეკას აქ დაბრუნება უკვე იყო გამორიცხული და საშველი კიდევ არ ჩანდა.
გეკას წაყვანის შემდეგ, უკვე რეგულარულად  დავიწყე თავშესაფარში სიარული და მისი იქ მონახულება, რაშიც გელა გოგიჩაიშვილი ყოველთვის ყველანაირად  ხელს მიწყობდა. ხელს უწყობდა გეკას, რომ ყოფილიყო უსაფრთხოდ. ძაღლისთვის თავშესაფარი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მართლაც თავშესაფრად იქცა, რადგან გარეთ ყოფნის შემთხვევაში ან მოკლავდნენ ან დაასახიჩრებდნენ. მგონი ერთადერთი ძაღლი იყო იმ მომენტში, რომელიც არაფრისთვის იჯდა ვოლიერში, ედო ბირკა, იყო ნაოპერაციები, ჰქონდა კინოლოგების დადებითი დასკვნა, მაგრამ არ მიიღო საზოგადოებამ და მიაბრუნა უკან.  იყო უსამართლობის მსხვერპლი, და რადგან არ შეეძლო საუბარი და თავის დაცვა, ამდენჯერ გადაუარეს და დაჩაგრეს.
იყო ორი ვარიანტი, ან გეკა უნდა გაეშვათ სხვაგან ბუნებრივ არეალში ან გაეჩუქებინათ. აქედან არცერთი არ გვაწყობდა ჩვენ, რადგან სხვა ტერიტორიაზე გაშვებული ძაღლი, უკვე ჩვენთვის დაკარგული იქნებოდა, თანაც ეს არ ნიშნავდა იმას, რომ იქ უსაფრთხოდ იქნებოდა და კეთილი ხალხი დახვდებოდა, ხოლო გაჩუქებული კიდევ, უცხო ადამიანს ვერ მოსთხოვ, რომ ძაღლი განახოს ხოლმე, ყველას თავის ცხოვრება აქვს და შეიძლება შენთვის საერთოდ არ ეცალოს.
რამდენჯერაც ავიდოდი თავშესაფარში, გეკა ძალიან ემოციურად მხვდებოდა, ეკრობოდა ვოლიერს, ცდილობდა თათები გამოეყო, როგორც კი შევეხებოდი იჯდა მშვიდად. იმდენად გვაოცებდა ხოლმე მისი დახვედრა, რომ აუცილებლად რამე გამოსავალი უნდა მოგვეძებნა, იმიტომ, რომ ამ არსებას მარტო ჩვენი დანახვა უხაროდა, და თან გვენდობოდა, ამიტომაც როგორმე უნდა მეზრუნა მასზე და მისი იმედები გამემართლებინა, არ უნდა მიმეტოვებინა ასეთ სიტუაციაში.
იმ მომენტში გეკას წამოყვანა მიგვაჩნდა წარმოუდგენლად, იმიტომ, რომ კორპუსის ბინაში არცთუ პატარა ძაღლის მოვლა ძალიან რთული იქნებოდა.  მაგრამ გამოსავალი უნდა გვენახა! ამიტომ ბატონ გელას ვთხოვეთ, გეკა არსად არ გაეშვა, არ გაეჩუქებინა და მოეცა ჩვენთვის დრო, რაზეც უპრობლემოდ დაგვთანხმდა.
საბედნიეროდ, გვაქვს ძალიან დიდი და კაპიტალურად გაკეთებული ავტოფარეხი. რომელსაც მამაჩემმა, გაუკეთა ორმაგი კარები, ერთი რაც ჰქონდა ავტოფარეხს და მეორე გაუკეთა ვოლიერის მსგავსი, ბადით. სადაც გეკა იქნებოდა გრილადაც, მოხვდებოდა მზის სხივებიც და თავს ძალიან კომფორტულად იგრძნობდა.  თუმცა ეს იყო დროის ამბავი და არ გაკეთდებოდა 1 დღეში. მთელი ეს პერიოდი გეკა იყო თავშესაფარში და მასზე ზრუნავდნენ, კვებავდნენ, უვლიდნენ. რაც ნოდარ მაღრაძის და გელა გოგიჩაიშვილის დამსახურებაა და არც კი ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერების გრძნობა მათ მიმართ.
23 ივლისს კი, გეკა ოფიციალურად გახდა ჩემი ძაღლი. თავშესაფრიდან გამოვიყვანე და წამოვიყვანე სახლში.  სადაც ეხლა ძალიან ბედნიერია. და ჩემი ოჯახისთვის ეს ძაღლი არის ნამდვილი მონაპოვარი, იმიტომ , რომ არის უჭკვიანესი, უთბილესი, უპრობლებო.
უკვე ვერავინ ვერ შემეცილება მასში და ვერც წამართმევს, რადგან არის ჩვენი საკუთრება. გაინტერესებთ ალბათ ჩემი მეზობლების რეაქცია, ეს ძლივს მოშორებული ძაღლი კიდევ აქ რომ ნახეს. ჯერ ერთი კიდევ ვერ მოუნელებიათ ის ფაქტი, რომ ცოცხალია, რადგან თავშესაფარში გაგზავნა ამათთვის ასოცირდებოდა ცოცხლად დამარხვასთან  ან დენებით მოკვლასთან და ა.შ ეხლა კი როცა ხედავენ რომ კიდევ აქეთ–იქეთ ვასეირნებ და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს, მაგაზე იტანჯებიან და იბოღმებიან, რადგან არანაირი უფლება აღარ აქვთ ამ ძაღლზე, გეკა აღარაა უკვე ქუჩის ძაღლი და თუ ისევ ისე შეეხებიან როგორც ადრე, სერიოზულად ვაგებინებთ პასუხს. თავიდან ვფიქრობდით, რომ გეკა თუ იყეფებდა, ერთი ყეფაც ეყოფოდათ, განცხადება რომ დაეწერათ და ჩვენთვის მოეცუნცულებინათ, პლუს ამას კიდევ რამე ტყუილებსაც მიაწერდნენ, მაგრამ მაგათ ჯინაზე ეტყობა, გეკაც საერთოდ ჩუმადააა, არც ირგვლივ ანაგვიანებს, მოკლედ ვერაფერი შარი ძაღლს ვერ მოსდეს.
ზოგი ადამიანი კი, ეხლა უფრო მაოცებს, რომ დაინახავენ ასეთ მოვლილს და ჯანმრთელს, თბილად მომესალმებიან, ძაღლს შეხედავენ და იმის მოყოლას მიწყებენ, თუ როგორ ეცოდებოდათ 112 ის მანქანას რომ მიჰყავდა და საერთოდ თურმე როგორი კარგი ძაღლია და რა კარგია რომ დაბრუნდა. არადა ერთი ადამიანიც კი არ დაგვიდგა გვერდში როცა ეს ჩვენც და ძაღლსაც სჭირდებოდა. ყველამ შეიკეტა სახლის კარები და ფანჯრიდან უყურეს სეირს.
რაც შეეხება პირადად გეკას, ძალიან ბედნიერია, უფრო მეტად შევუყვარდით და უფრო თბილი გახდა,  მოვლამ ისედაც ლამაზი უფრო გაალამაზა, ბეწვი უფრო გაუქათქათდა, მოსუქდა, მოკლედ მჯერა, რომ ძალიან ბედნიერია და ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა თავის თავს ასეთ სიტუაციაში. ყურიდან თავშესაფრის ბირკა არ მოგვიხსნია, რადგან ვფიქრობთ რომ ეს ის ნივთია რაც მას უნდა ეკეთოს ყოველთვის, ეს არის მისი ცხოვრება და მისი ისტორია.

არ შემიძლია არ ვილაპარაკო თავშესაფარზე, უკვე, როცა გეკა წამოყვანილია, მაშინაც კი როცა რაღაც შეკითხვა გვაქვს, რაღაც გვაინტერესებს, ნებისმიერ დროს გეკას ვეტერინარი ნოდარი გვიდგას გვერდში, არასდროს არ ეზარება რომ დაგვეხმაროს, ერთხელ ცოტა შეუძლოდ იყო გეკა და უკან არც კი დაუხევია ნოდარს, მაშინვე გვითხრა თქვენ ოღონდ აქამდე მოიყვანეთ და ყველაფერს გავუკეთებთ და მივხედავთო. ყოველთვის მზად არიან, რომ დაგვეხმარონ.

რაც შეეხება გელა გოგიჩაიშვილს, მას აქვს უდიდესი წვლილი იმაში, რომ გეკა არის ეხლა დაბინავებული. ზოგადად საქართველოში რაიმე თანამდებობაზე მყოფი პირი, იშვიათად თუ გამოიჩენს კეთილ ნებას და დაეხმარება ადამიანს, როცა რაიმე ძალაუფლებას ფლობენ მაინც არაფერს არ აკეთებენ ხოლმე, გელა გოგიჩაიშვილმა კი ძალიან ახლოს მიიტანა გულთან ჩვენი სიტუაცია და ჩვენი სადარდებელი, ყველანაირად რაც შეეძლო დაგვეხმარა და მეხმარება დღემდე. ერთი წამითაც არ იხევს ხოლმე უკან და ზრუნავს ცხოველებზე 100% ით. თუ ჩემი ეს პოსტი წაკითხული გაქვთ, მაშინ მიხვდებით, რომ თავშესაფართან ეხლაც მჭიდრო კავშირი მაქვს და ძალიან ხშირად ვარ იქ. ავდივარ, როგორც ჩემს ძაღლთან ასევე მოხალისედაც ძალიან მიხარია ხოლმე იქ ასვლა, რადგან არის შესანიშნავი გარემო და სიტუაცია, არიან ადამიანები რომლებიც ზრუნავენ ცხოველებზე და უყვართ. გავიცანი არაჩვეულებრივი ხალხი. მიუხედავად ამ არასასიამოვნო სიტუაციისა რა დროსაც მოხდა ჩვენი ურთიერთობის დაწყება, მაინც მიხარია, რომ გავიცანი ეს ადამიანები.


საშინელებაა, რომ ასეთ სიტუაციაში, როგორიც გეკა იყო, დღეს ძალიან ბევრი ძაღლია, უსამართლობას და ხალხის სისასტიკეს ეწირებიან ათასობით ძაღლები, მათ არავინ არ იცავს და არავინ არ იფარებს, ნუთუ ძალიან ძნელია,ერთი ნაჭერი პურის გადაგდება და ერთი თასი წყლის მიწოდება ძაღლისთვის? ისინი მეტს არც არაფერს ითხოვენ. ძალიან მინდა, რომ ასეთ დაჩაგრულ და უპატრონო ძაღლებს ერთ მშვენიერ დღეს გამოუჩნდეთ პატრონი, რათა ბედნიერებმაა გააატარონ ცხოვრების წლები, და მინდა ხალხმა იცოდეს, რომ იმ სიყვარულს რასაც ეს არსებები გაჩუქებენ, ვერცერთი ადამიანი ვერ შეძლებს მათ მოცემას თქვენთვის, ამიტომ ნუ კრავთ ხელს და ნუ დაჩაგრავთ მათ.

Jul 15, 2014

მაპატიე, ჩემო ერთგულო ოთხფეხა მეგობარო










ამ პოსტს ვწერ ახლა, როცა ამ მომენტში ის სიტუაცია დამთავრდა რაზეც უნდა ვწერო, ჰოდა იდეაში 13ივლისს ანუ გუშინწინ მინდოდა დამეწერა ამბავი, მაგრამ გუშინწინ მხოლოდ პატარა მონახაზის დაწერა მოვასწარი და ვერც კი დავპოსტე, როცა სხვა ახალი მაგრამ უკვე ახალი  მოულოდნელობა დამეცა თავს. მოკლედ გუშინდელწინდელ დაწერილს უცვლელად ვაკოპირებ აქ, რადგან როგორც არ უნდა ვეცადო, იმ გრძნობით როგორც მაშინ  ვწერე ვერ დავწერ, ხოლო ისტორიიის გაგრძელებას დავწერ ახლა.


"საშინლად მეზიზღება 112 ის თავშესაფრის მანქანა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. 112 ის მანქანას შეუძლია პირდაპირ ადგილზე მომკლას. ფსიქოზი მაქვს უკვე ყველანაირი მანქანის დანახვაზე, რომელიც ფორმით წააგავს 112.

მაგრამ ადამიანების სისასტიკემ, დაუნდობლობამ, უგულობამ მაიძულა, რომ დღეს ჩემივე ხელით ამეკრიფა 112 და გამომეძახა მანქანა.

ამ სასტიკმა საზოგადოებამ და მათმა სისასტიკემ, მაიძულა ჩემივე ხელით ჩამებარებინა, პატარაობიდან გაზრდილი და ნალოლიავები ეზოს ძაღლი გორიალა თავისი 2 პატარათი. 5 ლეკვიდან, მხოლოდ ორი დაუტოვეს დღეს, სულ ცალცალკე გაზიდეს ლეკვები, ისე რომ ვერაფერი ვერ გავიგე, როდესაც სარდაფში შევედი მხოლოდ 3 დამხვდა, სანამ ავედი სახლში და ჩამოვედი ის მესამეც გააქრეს და მხოლოდ ორი დატოვეს. დედას ძუძუდან ააცალეს ლეკვები, რომლებიც 1 თვისებიც არ არიან, ფაქტიურად სასიკვდილოდ გაწირეს ყველა. 8–10 წლის ბავშვს რომ იმის ტრაკი არ აქვს, ლეკვს მიხედოს ყველამ კარგად ვიცით ეგ! არც ვიცი სად არიან ეხლა ის სამი პატარა, მაგრამ ეს ორი მაინც ხომ გადავარჩინე

ჩემთვის ტრაგედიის ტოლფასია ის რაც გავაკეთე, სანამ მანქანა მოვიდა, ჯოჯოხეთური წუთები, მარტო იმას ვფიქრობდი, რომ ჩემს გორიალას ვღალატობდი და ვწირავდი, მაგრამ თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ რომ სხვა გამოსავალი არ იყო, ეს ორი პატარა თავის დედასთან ერთად, რომ გადამერჩინა მხოლოდ თავშესაფარში გაგზავნა იყო გამოსავალი.

საბედნიეროდ ძალიან კარგი, კეთილი და ნაცნობი ეკიპაჟი მოვიდა, რომელსაც ჩემი გიჟი მეზობლების ხელში უკვე კარგად ვიცნობ და ესენიც იცნობდნენ ძაღლს. ძალიან გულზე მოხვდათ სიტუაცია და ძალიან შეწუხდნენ, რადგან 5ივე ლეკვი თვითონაც, მანამდეც ყავდათ ნანახი.

გორიალა, რომელიც იშვიათად ყეფს და ყოველთვის მშვიდია, ისე ანერვიულდა და ისეთი ხმები ამოუშვა, საერთოდ მინდოდა იქედან გავმქრალიყავი, ყელზე რომ მოაბეს ის ხელსაწყო და გამოიყვანეს სარდაფიდან, უძალიანდებოდა და სახეს ჩვენსკენ აპარებდა. თან სასტიკად ყმუოდა და "ტიროდა". საშინელი სანახავი იყო. თავიდან მხოლოდ დედა ძაღლი გამოიყვანეს და ალბათ იმაზეც დარდბოდა და ეგონა ლეკვებს აშორებდნენ, რადგან როცა სარდაფში ჩავედი, ერთ კუთხეში ყავდა ორივე პატარა მიკუჭული და დამალული.

პატარები ჩემი ხელით გამოვიყვანე და ჩავსვი მანქანაში, ისეთი ლამაზი და საოცარი ლეკვები ყავს, თვითონ ეკიპაჟის წევრებიც გაოგნებულები იყვნენ, საშინლად ეცდებოდათ ესეთ დღეში რომ ნახეს ჩავარდნილები. გორიალაც მაშინვე გაჩუმდა როცა პატარები თავისთან დაიგულა.

არ ვიცი რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ის ხმა რასაც ჩემი ძაღლი გამოსცემდა დავივიწყო, მაგრამ ალბათ ვერასდროს ვერ დავივიწყებ. ამას ვერც მე შევძლებ და ვერც დედაჩემი.

რამდენი ღამე მაქვს გათენებული მაგისთვის და რამდენი კილომეტრი გვივლია ერთად, რამდენჯერ გვითამაშია, რამდენი კარგი დრო მახსენდება, რამდენჯერ გავუცილებივარ უნივერსიტეტში წასვლის წინ მარშუტკამდე და რამდენი ფოტო გვაქვს გორიალასთან ერთად, ეხლა კიდევ თავს მოღალატეთ ვთვლი, რომ ასე მოხდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. მართალია 5 ვერ გადავარჩინეთ მაგრამ ვიცი რომ ის ორი მაინც ბედნიერი იქნება."

ამის წერას რომ მოვრჩი, ბევრი ვიტირე, ვინერვიულე მერე  გავჩერდი ყავა გავაკეთე და მე და დედაჩემი აივანზე გავედით, იქ კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე რაც მოხდა და სწორედ ამ დროს მოხდა კიდევ ახალი მოულოდნელობა, ოღონდ ამჯერად სასიამოვნო, ჩემს სადარბაზოში ბავშვები დიდებზე კეთილები აღმოჩნდნენ, ალბათ იმიტომ, რომ ჯერ ბავშვები არიან და საზოგადოებას არ გაუბოროტებია, წავიდნენ და დაკარგული ლეკვების ძებნა დაიწყეს, ჰოდა სწორედ მაშინ გადავიხედე აივნიდან როცა ხელში დაჭერილ, გორიალას ერთ–ერთ შვილს მაჩვენებდა ეს ბავშვი და თან ძალიან ბედნიერი მეძახდა ვიპოვეოო, ეს სწორედ ის პატარა იყო, რომელიც ბოლო დარჩენილი სამიდან ცხვიწინ ამაცალეს. ძალიან ძნელია გადმოვცე ის სიხარული რაც იმ მომენტში განვიცადე. ლეკვი ბალახებში ჩაგდებული უპოვიათ ჩვენი კორპუსიდან საკმაოდ შორს, საბედნიეროდ ჯანმრთელად იყო, არაფერი დაშავებული არ ჰქონდა, სახლში ამოვიყვანე ჩავსვი კალათში, დედაჩემმა სასწრაფოდ უყიდა რძე და მთელი ოჯახი ვცდილობდით  მეორე დილამდე მასზე კარგად გვეზრუნა, რათა მეორე დღეს დედასთან აგვეყვანა თავშესაფარში.

პატარა ძალიან წუხდა, ხშირ–ხშირად ეღვიძებოდა ღამე და ტიროდა, წკმუტუნებდა. პირველად დარჩა მარტო, აქამდე სულ დედასთან ერთად იყო ან და–ძმებთან ჩახუტებულს ეძინა ხოლმე, მოკლედ მთელი ღამე გავათენე ჯერ იმიტომ, რომ ვდარდობდი მშვიდობით მიმეყვანა მეორე დღეს დედამდე, და მერე კიდე არც თვითონ დამაძინა, მაგრამ მაგას ვინ დაეძებდა. დილა როგორც კი გათენდა, მამაჩემმა ამოიყვანა კალათიდან, მუხლებზე დაისვა და ისიც მაშინვე გაჩუმდა, შემდეგ აღარც ჩამისვია კალათში ოთახში დახოხავდა აქეთ–იქეთ და აღარც ბევრი უტირია.

დაახლოებით ერთი საათით ადრე, სანამ წავიდოდი თავშესაფარში, კარებზე ზარი დარეკეს, და როცა გავაღე კიდევ ერთი ფუმფულა ლეკვი მომიყვანეს ბავშვებმა, ისიც გარეთ უპოვიათ სხვა ბავშვები აწვალებდნენ და აბურთავებდნენო, მთელი ღამე ეტყობა გარეთ გაატარა წვიმაში, სულ ტალახიანი ჰქონდა პატარა თათები, როგორც კი და–ძმამ ერთმანეთი ნახეს, მაშინვე ამ პატარა არსებებმა რომლებიც 1 თვისებიც არ არიან ლოკვა დაუწყეს ერთმანეთს , ფერება და ესე დაეძინათ ერთმანეთზე ჩახუტებულებს.
შემდეგ ორივე ჩავისვით მანქანაში და თავშესაფრისკენ წავედით, რომელიც ორხევში მდებარეობს. ძალიან ვნერვიულობდი, არ ვიცოდი გორიალა როგორ დამხვდებოდა, მის განწყობას ვგულისხმობ, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს გამიჭირდებოდა თვალებში მისი ჩახედვა, რადგან მისთვის მეგობარი ვიყავი, რომელსაც ენდობოდა და თქვენ კი კარგად იცით ალბათ, რას გრძნობენ ძაღლები როცა თავშესაფარში არიან ან იქ აბარებენ.

თუ ძაღლების თავშესაფარში ყოფილხართ ოდესმე, იცით რომ როცა შედიხართ იქვეა ვოლიერების ნაწილი, რომელიც პირდაპირ ეზოში იყურება. ლეკვების ჩაბარების ფაქტი დედაჩემმა გააფორმა და თანამშრომელმა ბიჭმა მითხრა თუ მინდოდა და თუ სურვილი მქონდა ლეკვები მე თვითონ შემესვა დედასთან ვოლიერში. სანამ გორიალამდე მივედი, ყველა ძაღლი ეგ მეგონა და ეგ მეჩვენებოდა, ძლივს მივაღწიე იქამდე, როგორც კი დამინახა და სახელით დავუძახე მაშინვე წამოდგა, თავისი ორი პატარა იქ ეწვა, კარები გაუღეს და ეს ორიც იქ დავუსვი, მაშინვე დასუნა, თავი დაადო მოეფერა და შიგნით შეწია თავისთან. თვითონ კი მოვიდა ვოლიერთან დამსუნა, ცხვირი გამომიყო, ხელიც გამილოკა და მივხვდი, რომ ისევ ძველებურად ვმეგობრობთ, ისევ ძველებურად ვუყვარვარ და ჩვენში მტერს არ ხედავს. თავიდან საერთოდ გაუჭირდა გარკვევა, თუ რა მინდოდა იქ და ალბათ არც მელოდებოდა, არც მე და არც თავის დაკარგულ შვილებს, მაგრამ მალევე მიხვდა ყველაფერს, გამოსვლასაც ცდილობდა და დაბლიდან თათებიც გამომიყო.
ცოტა დავმშვიდდი, ძალიან კარგ ადგილასაა, იმაზე კომფორტულად ვიდრე, აქ ვიღაცის სადრაფში შემალული, საიდანაც იშვიათად გამოდიოდა და ისიც მხოლოდ წყლის დასალევად და იმასაც ჩემი მეზობლები განზრახ უკეტავდნენ, რომ არ დაელია. ვოლიერში წყალიც აქვს, საჭმელიც, მზის შუქიც, პატარებიც იქ ჰყავს. ვიცი, რომ ყურადღებას მიაქცევენ, არ მოაშიებენ, ვიცი, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მის პატარებს გააჩუქებენ, ქალბატონი გორიალა კი, რეაბილიტაციის ხანგრძლივ კურსს გაივლის, მშობიარობის შემდეგ დასუსტებული ჰქონდა ორგანიზმი ძალიან, ამასაც მიხედავენ თავშესაფარში, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება და შემდეგ ეზოსაც დაუბრუნდება. წინ კიდევ მრავალი კარგი დრო გვაქვს ერთად გასატარებელი, კიდევ უფრო ბევრი კილომეტრი გასავლელი და კიდევ  ბევრი თამაში გვაქვს სათამაშო, რომელიც არ გვითამაშია.

უბრალოდ ვფიქრობ იმ 1 ლეკვზე, რომელიც ვერ ვიპოვეთ, 5 დან მხოლოდ 4 ჰყავს ეხლა, მეხუთეს ვერსად ვერ მიაგნეს, ბავშვებს იმედი აქვთ, რომ მასაც იპოვიან და ამის იმედი მეც მაქვს.
ადამიანები სასტიკები არიან, არც კი დაფიქრდნენ ისე მოიპარეს ეს პატარა არსებები, გადაყარეს სადღაც სადაც ზუსტად იცოდნენ რომ სასიკვდილოდ სწირავდნენ, რამხელა ტკივილი მიაყენეს პატარებსაც და მის დედასაც. ადამიანებს ფეხებზე კიდიათ, ცხოველების გრძნობები, თითქოს ისინი არაფერს არ გრძნობენ და არ განიცდიან და ზუსტად აი ამ გაგებიდან მოდის პრობლემები. თანაც ამ ყველაფერს აკეთებენ ბავშვები, რა მომავალი აქვთ მაგათ? რა ადამიანები უნდა დადგნენ ისინი? საიდან მოდის ეს სიძულვილი!!
ზოგადად ადამიანების დამოკიდებულება ცხოველების მიმართ, რასაც საქართველოში განიცდიან არის გულისამრევი! როდესაც ლეკვები და გორიალა 112 მიყავდა, მაშინ გამოხტა რამოდენიმე ადამიანი, და იმაზე დაიწყეს საუბარი, თუ რატომ მიყავდათ ლეკვები და თურმე შეპირებულები არიან ვიღაცეებს რომ აჩუქონ და ა.შ. ან ვის ლეკვებს პირდებით? ან რატომ? ან ოდესმე 1 ჯამი წყალი დაგიდგიათ ძაღლისთვის? ერთი ნაჭერი პური გადაგიდგიათ? გიზრუნიათ მასზე? მეზიზღება ეს "საზოგადოებაც" და ეს ხალხიც! ზუსტად ეს ხალხია, ვინც უმოწყალოდ ყრის პატარა არსებებს ნაგავზე და შემდეგ სახლში მიდის და ძალიან მშვიდად იძინებს.

არასოდეს არ შემეცოდებიან ესეთი ადამიანები, რა გაჭირვებაშიც არ უნდა ვნახო, რადგან არასოდეს არ დამავიწყდება, გორიალა, რომელიც ეძებდა თავის ლეკვებს და მისი თავშესაფარში წაყვანის მომენტი, და არა მარტო გორიალა, ამ სასტიკ ადამიანებს მირჩევნია ყველა ის ძაღლი, რომელიც ამ საზოგადოების ცივსისხლიანობის გამო ვოლიერებშია გამოკეტილი და არავინ იცავს მათ უფლებებს და არავინ უფრთხილდება მათ გრძნობებს.

მე კი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ,  იმის მიუხედავად, რომ ვიცი ეხლა გორიალა კარგადააა და უსაფრთხოდ თავის შვილებთან ერთად, მაინც ვერ ვივიწყებ მისი წაყვანის მომენტს, და ჩემი ზუსტად რომ ესმოდეს ( ბევრ ადამიანზე კარგად ესმით ძაღლებს ზოგადად ) ვეტყოდი, რომ მაპატიე ჩემო ერთგულო ოთხფეხა მეგობარო, მე შენთვის ყოველთვის კარგი მინდოდა და მე მჯერა, რომ ამას შენც ხვდები.



(პ.ს შემდეგ პოსტში აუცილებლად დავდებ ფოტოებს, რომელიც ასახავს ამ პოსტის ამბებს, რადგან ლეკვების ყველა მომენტი და ყველა ამოსუნთქვა მგონი გადაღებული მაქვს და ვისაუბრებ ბევრ სხვა დეტალზე რაც აქ არ დამიწერია)