Jul 15, 2014

მაპატიე, ჩემო ერთგულო ოთხფეხა მეგობარო










ამ პოსტს ვწერ ახლა, როცა ამ მომენტში ის სიტუაცია დამთავრდა რაზეც უნდა ვწერო, ჰოდა იდეაში 13ივლისს ანუ გუშინწინ მინდოდა დამეწერა ამბავი, მაგრამ გუშინწინ მხოლოდ პატარა მონახაზის დაწერა მოვასწარი და ვერც კი დავპოსტე, როცა სხვა ახალი მაგრამ უკვე ახალი  მოულოდნელობა დამეცა თავს. მოკლედ გუშინდელწინდელ დაწერილს უცვლელად ვაკოპირებ აქ, რადგან როგორც არ უნდა ვეცადო, იმ გრძნობით როგორც მაშინ  ვწერე ვერ დავწერ, ხოლო ისტორიიის გაგრძელებას დავწერ ახლა.


"საშინლად მეზიზღება 112 ის თავშესაფრის მანქანა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. 112 ის მანქანას შეუძლია პირდაპირ ადგილზე მომკლას. ფსიქოზი მაქვს უკვე ყველანაირი მანქანის დანახვაზე, რომელიც ფორმით წააგავს 112.

მაგრამ ადამიანების სისასტიკემ, დაუნდობლობამ, უგულობამ მაიძულა, რომ დღეს ჩემივე ხელით ამეკრიფა 112 და გამომეძახა მანქანა.

ამ სასტიკმა საზოგადოებამ და მათმა სისასტიკემ, მაიძულა ჩემივე ხელით ჩამებარებინა, პატარაობიდან გაზრდილი და ნალოლიავები ეზოს ძაღლი გორიალა თავისი 2 პატარათი. 5 ლეკვიდან, მხოლოდ ორი დაუტოვეს დღეს, სულ ცალცალკე გაზიდეს ლეკვები, ისე რომ ვერაფერი ვერ გავიგე, როდესაც სარდაფში შევედი მხოლოდ 3 დამხვდა, სანამ ავედი სახლში და ჩამოვედი ის მესამეც გააქრეს და მხოლოდ ორი დატოვეს. დედას ძუძუდან ააცალეს ლეკვები, რომლებიც 1 თვისებიც არ არიან, ფაქტიურად სასიკვდილოდ გაწირეს ყველა. 8–10 წლის ბავშვს რომ იმის ტრაკი არ აქვს, ლეკვს მიხედოს ყველამ კარგად ვიცით ეგ! არც ვიცი სად არიან ეხლა ის სამი პატარა, მაგრამ ეს ორი მაინც ხომ გადავარჩინე

ჩემთვის ტრაგედიის ტოლფასია ის რაც გავაკეთე, სანამ მანქანა მოვიდა, ჯოჯოხეთური წუთები, მარტო იმას ვფიქრობდი, რომ ჩემს გორიალას ვღალატობდი და ვწირავდი, მაგრამ თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ რომ სხვა გამოსავალი არ იყო, ეს ორი პატარა თავის დედასთან ერთად, რომ გადამერჩინა მხოლოდ თავშესაფარში გაგზავნა იყო გამოსავალი.

საბედნიეროდ ძალიან კარგი, კეთილი და ნაცნობი ეკიპაჟი მოვიდა, რომელსაც ჩემი გიჟი მეზობლების ხელში უკვე კარგად ვიცნობ და ესენიც იცნობდნენ ძაღლს. ძალიან გულზე მოხვდათ სიტუაცია და ძალიან შეწუხდნენ, რადგან 5ივე ლეკვი თვითონაც, მანამდეც ყავდათ ნანახი.

გორიალა, რომელიც იშვიათად ყეფს და ყოველთვის მშვიდია, ისე ანერვიულდა და ისეთი ხმები ამოუშვა, საერთოდ მინდოდა იქედან გავმქრალიყავი, ყელზე რომ მოაბეს ის ხელსაწყო და გამოიყვანეს სარდაფიდან, უძალიანდებოდა და სახეს ჩვენსკენ აპარებდა. თან სასტიკად ყმუოდა და "ტიროდა". საშინელი სანახავი იყო. თავიდან მხოლოდ დედა ძაღლი გამოიყვანეს და ალბათ იმაზეც დარდბოდა და ეგონა ლეკვებს აშორებდნენ, რადგან როცა სარდაფში ჩავედი, ერთ კუთხეში ყავდა ორივე პატარა მიკუჭული და დამალული.

პატარები ჩემი ხელით გამოვიყვანე და ჩავსვი მანქანაში, ისეთი ლამაზი და საოცარი ლეკვები ყავს, თვითონ ეკიპაჟის წევრებიც გაოგნებულები იყვნენ, საშინლად ეცდებოდათ ესეთ დღეში რომ ნახეს ჩავარდნილები. გორიალაც მაშინვე გაჩუმდა როცა პატარები თავისთან დაიგულა.

არ ვიცი რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ის ხმა რასაც ჩემი ძაღლი გამოსცემდა დავივიწყო, მაგრამ ალბათ ვერასდროს ვერ დავივიწყებ. ამას ვერც მე შევძლებ და ვერც დედაჩემი.

რამდენი ღამე მაქვს გათენებული მაგისთვის და რამდენი კილომეტრი გვივლია ერთად, რამდენჯერ გვითამაშია, რამდენი კარგი დრო მახსენდება, რამდენჯერ გავუცილებივარ უნივერსიტეტში წასვლის წინ მარშუტკამდე და რამდენი ფოტო გვაქვს გორიალასთან ერთად, ეხლა კიდევ თავს მოღალატეთ ვთვლი, რომ ასე მოხდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. მართალია 5 ვერ გადავარჩინეთ მაგრამ ვიცი რომ ის ორი მაინც ბედნიერი იქნება."

ამის წერას რომ მოვრჩი, ბევრი ვიტირე, ვინერვიულე მერე  გავჩერდი ყავა გავაკეთე და მე და დედაჩემი აივანზე გავედით, იქ კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე რაც მოხდა და სწორედ ამ დროს მოხდა კიდევ ახალი მოულოდნელობა, ოღონდ ამჯერად სასიამოვნო, ჩემს სადარბაზოში ბავშვები დიდებზე კეთილები აღმოჩნდნენ, ალბათ იმიტომ, რომ ჯერ ბავშვები არიან და საზოგადოებას არ გაუბოროტებია, წავიდნენ და დაკარგული ლეკვების ძებნა დაიწყეს, ჰოდა სწორედ მაშინ გადავიხედე აივნიდან როცა ხელში დაჭერილ, გორიალას ერთ–ერთ შვილს მაჩვენებდა ეს ბავშვი და თან ძალიან ბედნიერი მეძახდა ვიპოვეოო, ეს სწორედ ის პატარა იყო, რომელიც ბოლო დარჩენილი სამიდან ცხვიწინ ამაცალეს. ძალიან ძნელია გადმოვცე ის სიხარული რაც იმ მომენტში განვიცადე. ლეკვი ბალახებში ჩაგდებული უპოვიათ ჩვენი კორპუსიდან საკმაოდ შორს, საბედნიეროდ ჯანმრთელად იყო, არაფერი დაშავებული არ ჰქონდა, სახლში ამოვიყვანე ჩავსვი კალათში, დედაჩემმა სასწრაფოდ უყიდა რძე და მთელი ოჯახი ვცდილობდით  მეორე დილამდე მასზე კარგად გვეზრუნა, რათა მეორე დღეს დედასთან აგვეყვანა თავშესაფარში.

პატარა ძალიან წუხდა, ხშირ–ხშირად ეღვიძებოდა ღამე და ტიროდა, წკმუტუნებდა. პირველად დარჩა მარტო, აქამდე სულ დედასთან ერთად იყო ან და–ძმებთან ჩახუტებულს ეძინა ხოლმე, მოკლედ მთელი ღამე გავათენე ჯერ იმიტომ, რომ ვდარდობდი მშვიდობით მიმეყვანა მეორე დღეს დედამდე, და მერე კიდე არც თვითონ დამაძინა, მაგრამ მაგას ვინ დაეძებდა. დილა როგორც კი გათენდა, მამაჩემმა ამოიყვანა კალათიდან, მუხლებზე დაისვა და ისიც მაშინვე გაჩუმდა, შემდეგ აღარც ჩამისვია კალათში ოთახში დახოხავდა აქეთ–იქეთ და აღარც ბევრი უტირია.

დაახლოებით ერთი საათით ადრე, სანამ წავიდოდი თავშესაფარში, კარებზე ზარი დარეკეს, და როცა გავაღე კიდევ ერთი ფუმფულა ლეკვი მომიყვანეს ბავშვებმა, ისიც გარეთ უპოვიათ სხვა ბავშვები აწვალებდნენ და აბურთავებდნენო, მთელი ღამე ეტყობა გარეთ გაატარა წვიმაში, სულ ტალახიანი ჰქონდა პატარა თათები, როგორც კი და–ძმამ ერთმანეთი ნახეს, მაშინვე ამ პატარა არსებებმა რომლებიც 1 თვისებიც არ არიან ლოკვა დაუწყეს ერთმანეთს , ფერება და ესე დაეძინათ ერთმანეთზე ჩახუტებულებს.
შემდეგ ორივე ჩავისვით მანქანაში და თავშესაფრისკენ წავედით, რომელიც ორხევში მდებარეობს. ძალიან ვნერვიულობდი, არ ვიცოდი გორიალა როგორ დამხვდებოდა, მის განწყობას ვგულისხმობ, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს გამიჭირდებოდა თვალებში მისი ჩახედვა, რადგან მისთვის მეგობარი ვიყავი, რომელსაც ენდობოდა და თქვენ კი კარგად იცით ალბათ, რას გრძნობენ ძაღლები როცა თავშესაფარში არიან ან იქ აბარებენ.

თუ ძაღლების თავშესაფარში ყოფილხართ ოდესმე, იცით რომ როცა შედიხართ იქვეა ვოლიერების ნაწილი, რომელიც პირდაპირ ეზოში იყურება. ლეკვების ჩაბარების ფაქტი დედაჩემმა გააფორმა და თანამშრომელმა ბიჭმა მითხრა თუ მინდოდა და თუ სურვილი მქონდა ლეკვები მე თვითონ შემესვა დედასთან ვოლიერში. სანამ გორიალამდე მივედი, ყველა ძაღლი ეგ მეგონა და ეგ მეჩვენებოდა, ძლივს მივაღწიე იქამდე, როგორც კი დამინახა და სახელით დავუძახე მაშინვე წამოდგა, თავისი ორი პატარა იქ ეწვა, კარები გაუღეს და ეს ორიც იქ დავუსვი, მაშინვე დასუნა, თავი დაადო მოეფერა და შიგნით შეწია თავისთან. თვითონ კი მოვიდა ვოლიერთან დამსუნა, ცხვირი გამომიყო, ხელიც გამილოკა და მივხვდი, რომ ისევ ძველებურად ვმეგობრობთ, ისევ ძველებურად ვუყვარვარ და ჩვენში მტერს არ ხედავს. თავიდან საერთოდ გაუჭირდა გარკვევა, თუ რა მინდოდა იქ და ალბათ არც მელოდებოდა, არც მე და არც თავის დაკარგულ შვილებს, მაგრამ მალევე მიხვდა ყველაფერს, გამოსვლასაც ცდილობდა და დაბლიდან თათებიც გამომიყო.
ცოტა დავმშვიდდი, ძალიან კარგ ადგილასაა, იმაზე კომფორტულად ვიდრე, აქ ვიღაცის სადრაფში შემალული, საიდანაც იშვიათად გამოდიოდა და ისიც მხოლოდ წყლის დასალევად და იმასაც ჩემი მეზობლები განზრახ უკეტავდნენ, რომ არ დაელია. ვოლიერში წყალიც აქვს, საჭმელიც, მზის შუქიც, პატარებიც იქ ჰყავს. ვიცი, რომ ყურადღებას მიაქცევენ, არ მოაშიებენ, ვიცი, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მის პატარებს გააჩუქებენ, ქალბატონი გორიალა კი, რეაბილიტაციის ხანგრძლივ კურსს გაივლის, მშობიარობის შემდეგ დასუსტებული ჰქონდა ორგანიზმი ძალიან, ამასაც მიხედავენ თავშესაფარში, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება და შემდეგ ეზოსაც დაუბრუნდება. წინ კიდევ მრავალი კარგი დრო გვაქვს ერთად გასატარებელი, კიდევ უფრო ბევრი კილომეტრი გასავლელი და კიდევ  ბევრი თამაში გვაქვს სათამაშო, რომელიც არ გვითამაშია.

უბრალოდ ვფიქრობ იმ 1 ლეკვზე, რომელიც ვერ ვიპოვეთ, 5 დან მხოლოდ 4 ჰყავს ეხლა, მეხუთეს ვერსად ვერ მიაგნეს, ბავშვებს იმედი აქვთ, რომ მასაც იპოვიან და ამის იმედი მეც მაქვს.
ადამიანები სასტიკები არიან, არც კი დაფიქრდნენ ისე მოიპარეს ეს პატარა არსებები, გადაყარეს სადღაც სადაც ზუსტად იცოდნენ რომ სასიკვდილოდ სწირავდნენ, რამხელა ტკივილი მიაყენეს პატარებსაც და მის დედასაც. ადამიანებს ფეხებზე კიდიათ, ცხოველების გრძნობები, თითქოს ისინი არაფერს არ გრძნობენ და არ განიცდიან და ზუსტად აი ამ გაგებიდან მოდის პრობლემები. თანაც ამ ყველაფერს აკეთებენ ბავშვები, რა მომავალი აქვთ მაგათ? რა ადამიანები უნდა დადგნენ ისინი? საიდან მოდის ეს სიძულვილი!!
ზოგადად ადამიანების დამოკიდებულება ცხოველების მიმართ, რასაც საქართველოში განიცდიან არის გულისამრევი! როდესაც ლეკვები და გორიალა 112 მიყავდა, მაშინ გამოხტა რამოდენიმე ადამიანი, და იმაზე დაიწყეს საუბარი, თუ რატომ მიყავდათ ლეკვები და თურმე შეპირებულები არიან ვიღაცეებს რომ აჩუქონ და ა.შ. ან ვის ლეკვებს პირდებით? ან რატომ? ან ოდესმე 1 ჯამი წყალი დაგიდგიათ ძაღლისთვის? ერთი ნაჭერი პური გადაგიდგიათ? გიზრუნიათ მასზე? მეზიზღება ეს "საზოგადოებაც" და ეს ხალხიც! ზუსტად ეს ხალხია, ვინც უმოწყალოდ ყრის პატარა არსებებს ნაგავზე და შემდეგ სახლში მიდის და ძალიან მშვიდად იძინებს.

არასოდეს არ შემეცოდებიან ესეთი ადამიანები, რა გაჭირვებაშიც არ უნდა ვნახო, რადგან არასოდეს არ დამავიწყდება, გორიალა, რომელიც ეძებდა თავის ლეკვებს და მისი თავშესაფარში წაყვანის მომენტი, და არა მარტო გორიალა, ამ სასტიკ ადამიანებს მირჩევნია ყველა ის ძაღლი, რომელიც ამ საზოგადოების ცივსისხლიანობის გამო ვოლიერებშია გამოკეტილი და არავინ იცავს მათ უფლებებს და არავინ უფრთხილდება მათ გრძნობებს.

მე კი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ,  იმის მიუხედავად, რომ ვიცი ეხლა გორიალა კარგადააა და უსაფრთხოდ თავის შვილებთან ერთად, მაინც ვერ ვივიწყებ მისი წაყვანის მომენტს, და ჩემი ზუსტად რომ ესმოდეს ( ბევრ ადამიანზე კარგად ესმით ძაღლებს ზოგადად ) ვეტყოდი, რომ მაპატიე ჩემო ერთგულო ოთხფეხა მეგობარო, მე შენთვის ყოველთვის კარგი მინდოდა და მე მჯერა, რომ ამას შენც ხვდები.



(პ.ს შემდეგ პოსტში აუცილებლად დავდებ ფოტოებს, რომელიც ასახავს ამ პოსტის ამბებს, რადგან ლეკვების ყველა მომენტი და ყველა ამოსუნთქვა მგონი გადაღებული მაქვს და ვისაუბრებ ბევრ სხვა დეტალზე რაც აქ არ დამიწერია)