Sep 3, 2014

სად მიდიან ჩვენი ცხოველები სიკვდილის შემდეგ?




არ გიფიქრიათ ამაზე? სად მიდიან ჩვენი ცხოველები, ჩვენი ერთგული არსებები სიკვდილის შემდეგ?

ამ პოსტს მხოლოდ ის ადამიანი ჩასწვდება ვისაც ძალიან უყვარს ცხოველები, ისინი ალბათ ვერასდროს გაიგებენ ცხოველი მარტო შემწვარი ტაფაზე რომ უყვართ.

ბავშვობაში სიგიჟემდე მიყვარდა ანიმაცია " All Dogs Go to Heaven" რამდენჯერაც ვუყურებდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სულ ვტიროდი და სულ მეცოდებოდა ჩარლი. დღემდე მეტირება ხოლმე. ზოგადად გულჩვილი ცხოველების მიმართ უფრო ვარ, ვიდრე ადამიანების.  უფრო კი არადა, იშვიათად რომ ადამიანის მიმართ სიბრალული განვიცადო.

პირველი ჩემი საყვარელი ცხოველი თეთრი ბულტერიერი იყო, რომელიც 4 წლის ვიყავი როცა გარდაიცვალა, ბევრი არაფერი მახსოვს მის შესახებ, მაგრამ ზუსტად და ნათლად მახსოვს როგორ ვასეირნებდი ქუჩაში, მშობლები ნელა მომცემდნენ ხოლმე "აშეინიკს" და მეც მიმყავდა, ბევრი მოგონება სამწუხაროდ არ მაქვს, ნაწყვეტ–ნაწყვეტ მახსოვს, გარეთ რომ იჯდა ხოლმე, ჭამდა, ეძინა. მაგრამ არასდროს დამავიწყდება როგორი იყო, მისი სახე, თვალები, ამდენი წლის შემდეგაც ეგ ყველაფერი რაც შემორჩა ჩემს მეხსიერებას გუშინდელი დღესავით მახსოვს. ისიც კარგად მახსოვს, დილას მოკუნტული რომ ვნახე დაძინებული, დედაჩემი როცა ტანსაცმელს მაცმევდა, ვკითხე ეძინა თქო ხომ? დედამ მითხრა კიო. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემმი ცნობიერი მაშინვე მიხვდა, რომ არ ეძინა მაგრამ მაშინ  ნათქვამი პასუხი დავიჯერე. ალბათ სწორედ ეგაა ბავშვობაც, ყველაფერს სხვანაირად ვუყურებთ და კარგი დასასრულის გვჯერა.


მეორე  ჩემი საყვარელი ცხოველი შავი კნუტი სახელად იოკო 7 წლის ასაკში დავკარგე. დღემდე მახსოვს ის მომენტი, ისიც კი მახსოვს როგორი ამინდი იყო, რომელი საათი იყო. სიკვდილის მიზეზი განსაკუთრებული არ ყოფილა, ძალიან სუსტი იყო და ვერ გადარჩა.  სწორედ მაშინ "ვიგემე" ეს სასტიკი მომენტი, როცა ვერაფერს ვერ შველი შენს საყვარელ ცხოველს. იოკო ჩემს ეზოში დავასაფლავებინე დედაჩემს და წლები ისე გავიდა იმ ადგილს არასდროს არავინ შეხებია, ქვებით მქონდა შემოფარგლული და არც არასდროს არაფერი დაურგავთ იქ, დაუბარავთ, მოკლედ იოკოს ადგილი წლების შემდეგ ისე იყო, როგორც ჩემი 7 წლის ასაკში ყოფნისას.


ჩემი ადრეული წლების ყველაზე დიდი დანაკარგი, რომელმაც სამუდამო კვალი დატოვა ჩემს მომავალზე, რომელსაც ყველა სხვა ცხოველში ვეძებ დღემდე, ჩემი შავი ფუმფულა კატა მუმია იყო. სახელი მართლაც სასაცილო და უცნაურია მაგრამ ალბათ მაგ ისტორიასაც ოდესმე დავწერ.  მუმია, სულ პატარაობიდან მახსოვს, ერთი ციცქნა გაბურძგნული კნუტი რომ იყო, ავი და უკარება. მოკლედ შეიძლება ითქვას ერთად გავიზარდეთ. იმდენად ბევრი მოგონება მაკავშირებს ჩემს კატასთან, შეიძლება ითქვას ჩემი ოჯახის წევრი იყო, ჩვეულებრივი ადამიანივით მყავდა.  ძალიან დიდი ეზო მქონდა და მახსოვს რომ დაღამდებოდა, მაშინვე მოდიოდა და კარებთან აფხაჭუნებდა, ეხლაც მახსოვს როგორ შემოირბენდა ხოლმე, თავის ფუმფულა კუდს ააქიცინებდა. ყოველ ახალ წელს 12–ს რომ წუთები დააკლდებოდა მაშინ მოდიოდა და ერთად ვხვდებოდით ხოლმე მთელი ოჯახი. ჩემი ბავშვობის ყველა სურათშია , ხან მარტო, ხან თავის შვილებთან ერთად, ეხლაც კი მახსოვს როგორი ფაფუკი ბეწვი ჰქონდა, როგორ ვიხუტებდი ხოლმე, აბსოლიტურად ყველა შეგრძნება მახსოვს. საკმაოდ დიდი ხანი იყო ჩემთან ერთად დაახლოებით 5 წელი. 13 წლის ვიყავი როცა გარდაიცვალა.  ფეხმძიმედ იყო, უკვე მალე კნუტებს ელოდებოდა, როცა შევატყვეთ რომ ძალიან წუხდა, ცუდად იყო, კარგად მახსოვს დავიწვინე მუცელზე ვეფერებოდი, ცოტა ხანი ჩერდებოდა. მივხვდით, რომ მშობიარობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა. მაშინ ისეთი დრო იყო, ახლა რომ არის ყველგან ვეტ–კლინიკები და თუნდაც ტელეფონითაც რომ შეუძლიათ კონსულტაცია გაგიწიონ, ფაქტიურად არ არსებობდა ასეთი რამეები ან ძალიან იშვიათი იყო.  მაშინ ბოლოჯერ ვნახე, აივანზე. როცა ვცდილობდი რომ ტკივილი შემემსუბუქებინა. მერე წავიდა და იმ დღის შემდეგ აღარასდროს გამოჩენილა, არვიცი კარგია თუ ცუდია რომ ვერ ვნახე გარდაცვლილი, იქნებ ჯობდა ისიც დამესაფლავებინა და რაღაც მომენტში მცოდნოდა სადაც იყო, თუნდაც მკვდარი. მაგრამ ვერ ვნახე. ორი დღე რომ აღარ გამოჩნდა უკვე ისედაც გასაგები იყო რაც მოუვიდა. დღემდე უდიდესი ტკივილია ჩემი და დედაჩემის. თითქმის ძალიან იშვიათად ვლაპარაკობთ მუმიაზე და თუ გავიხსენებთ ყოველთვის ცრემლით მთავრდება ხოლმე საუბარი. დღემდე სადმე შავ ფუმფულა კატას რომ დავინახავ ხოლმე, სულ მახსენდება, ვაკავშირებ ვცდილობ მივამსაგვსო ხოლმე. ხშირად ვფიქრობდი ხოლმე, რომ იქნებ შავი ფუმფულა კატა მოგვეყვანა სახლში, მაგრამ მერე ვხვდები რომ აზრი არ აქვს, იმას მაინც ვერ ჩაანაცვლებს და სურვილი რომ შავი კატა მყავდეს, მხოლოდ გარდაცვლილის დაბრუნების სურვილია, რაც შეუძლებელია და ამიტომ ეს იდეა აღარ განვახორციელე.  როდესაც ბავშვობას ვიხსენებ ხოლმე, ხომ იცით ალბათ თქვენც ასე გაქვთ, რაღაც კადრებად გახსენდებათ, მომენტები, სიტუაციები, ჰოდა არ არსებობს ჩემი მუმის გარეშე გავიხსენო ხოლმე, თითქოს მიბმულია ჩემს ბავშვობასთან და ავტომატურად დაკავშირებული.



ახლა როცა ამ პოსტს ვწერ 22 წლის ვარ, მალე 23 ის გავხდები.ამ პოსტის წერის მიზეზი, ჩემს ცხოვრებაში ორი არსების დანაკარგია. ორი პატარა ლეკვი მომიკვდა და არც კი ვიცი ამ მომენტში იცოცხლებს თუ არა მათი დედა. ამაზე ფიქრი არც კი მინდა. საერთოდ არც მინდა ამ ტკივილზე ვისაუბრო. იმიტომ რომ არვიცი რა დავწერო, როგორ გადმოვცე არადა მჭირდება რომ რამე დავწერო, მაგრამ არ შემიძლია. როცა 22 ის ხარ ყველაფერი სხვანაირია ცხოვრებაში. როცა 22 ის ხარ იცი, რომ ერთხელ დაკარგული უკან აღარ დაბრუნდება, ვერც დრო დაბრუნდება და საერთოდ ვერაფერს შეცვლი.

ოდესმე მოვიკრებ ძალასაც და დავწერ, ასმაგად მტკინვეული რატომ არის ამ ორი არსების სიკვდილი ასე მძიმე ჩემთვის. ვინც ჩემს პოსტებს კითხულობთ, აუცილებლად გეცოდინებათ რა ლეკვებზეც მაქვს საუბარი და საერთოდ რამდენი რამე გავაკეთე, რომ კარგად ყოფილიყვნენ.  მოვახერხე ის, რომ ორი ეხლა ბედნიერია პატრონთან, ორმა კიდევ ვერ ნახა ცხოვრება ვოლიერს მიღმა. მაგრამ მაინც მიხარია რომ ეს ორი თვე ვაჩუქე, გავახარე, ვზრუნავდი მე რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. მოკლედ თავის დამშვიდება მხოლოდ ასე შემიძლია.

იმის არ მჯერა, დრო მკურნალიაო რომ იძახიან. არ ვარ იმ ადამიანების კატეგორია დრო, რომ შველით. პირიქით, რაც უფრო გადის დრო მით უფრო მიმძაფრდება ტკივილი. 10 წლის შემდეგაც ისე ვიტირებ ჩემს პატარებზე, როგორც ეხლა, ან უფრო უარესად.

საერთოდ როცა ადამიანებს ცხოველი ეღუპებათ, სულ სხვანაირი ტკივილია და სხვანაირი განცდააა. არც ვადარებ ადამიანის დაკარგვას და ცხოველის დაკარგვას ერთმანეთს, იმიტომ რომ ეს ორი სხვადასხვა სიტუაციაა.

ზოგადად სხვა ადამიანებისგან მომისმენია რომელთაც მოკვდომიათ ერთგული მეგობარი რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს მაინც იგივე ტკივილით იხსენებენ. ეს იმის ბრალია, რომ ცხოველის გარდაცვალების შემდეგ მასთან კონტაქტიც წყდება.  ანუ ჩვენი რელიგია ავიღოთ,  ხან მიცვალებულის დღეა ხან რაღაცა დღე. სულ თავი რომ დაანებო ყველაფერს, რელიგია არ გაძლევს იმის საშუალებას რომ გარდაცვლილ ადამიანს დაშორდე.  ადამიანის შემთხვევაში გაქვს საფლავიც, სადაც დადიხარ, ზოგიერთისთვის ესეც შვებააა. თითქოს არ კარგავ კონტაქტს, იქ რაღაც გვჯერა თითქოს სხვა სამყაროსი, გამოცხადებების. არ ვიცი ეს რამდენად სიმართლეა, მაგრამ ყოველშემთხვევაში ადამიანის ფსიქიკაზე ახდენს გავლენას და ერთგვარად ამშვიდეს კიდეც. იმის ცოდნა, რომ შენი საყვარელი ადამიანი სადღაც არსებობს ალბათ ეგეც შვებაა.

ცხოველზე კი სხვანაირადაა ყველაფერი, საფლავი მაშინ ექნება, თუ ადამიანი მოახერხებს ამას და თუ ეზო აქვს, სიკვდილის შემდეგ არც კი იცი სად მიდის. მასთან ყველანაირი კონტაქტი წყდება, რაც დაგრჩა არის მხოლოდ შენი მოგონებები, ფოტოები და ვიდეოები.

სულ სხვა რამეა ის სინანული რასაც განვიცდით, ცხოველი მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, ყოველთვის ფიქრობ, იქნებ უფრო მეტი შემეძლო და ვერ გავაკეთე, ან იქნებ შეიძლებოდა გადარჩენა და მე ეს ვერ შევძელი.

ერთი რამ, ვიცი ზუსტად, სიკვდილი არ გვაშორებს მათთან, სიკვდილი უფრო გვაახლოებს! ორი ლეკვი რომელიც გაჩუქდა და ახლა დაბინავებულია, ალბათ უფრო იშვიათად გამახსენდება და ფრაგმენტულად, ვიდრე ეს ჩემი ორი გოგო. სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრებიან თავიანთი ლამაზი თვალებით.  წარუშლელი კვალი დატოვეს ჩემს ცხოვრებაში და ალბათ ძალიან ძალიან მოხუცი რომ ვიქნები ( თუ ვიქნები, იმედი მაქვს ვიქნები) მაშინაც მემახსოვრება მათი ანცი, სევდიანი, და საყვარელი გამოხედვა.

ასე რომ, სად მიდიან ჩვენი ცხოველები სიკვდილის შემდეგ? მე მაინც მჯერა და ჩემი ბავშვობის საყვარელ ანიმაციას დავუჯერებ, და დავიჯერებ რომ ყველა ძაღლი სამოთხეში ხვდება. არ ვიცი ეს როგორი სამოთხეა, მაგრამ მჯერა რომ ჩემი გოგოები პუფი და კროულინა ეხლა ძალიან ლამაზ, მზიან აადგილას ბალახებში გორაობენ და თამაშობენ, სადაც სულ თბილა, სულ მზეა და ძალიან ბევრი საჭმელი აქვთ, სადაც არასდროს იქნებიან ვოლიერში და იოცნებებენ თავისუფლებაზე, სადაც არასდროს არაფერი ეტკინებათ და არასდროს არაფერი ეწყინებათ.

მერე კი, ბევრი წელი რომ გავა, ერთმანეთს აუცილებლად ვნახავთ. სხვანაირად შეუძლებელია და წარმოუდგენელია.