Apr 6, 2014

"ღვთისნიერი" მამაო


უკვე მეორედ მიწევს, მამაოებზე/ეკლესიაზე წერა მაგრამ ეს პოსტი რომ არ დამეწერა არ შემეძლო.
ძალიან საინტერესო ამბავი შეემთხვა დღეს დედაჩემს.
ცოტა შორიდან რომ დავიწყო მოყოლა, საქმე იმაშია, რომ ჩემი ძმა 7 წლისაა, დედაჩემმა გადაწყვიტა ზიარებაზე მიეყვანა ერთხელ მაინც. თუმცა სხვადასხვა ეკლესიებში სხვადასხვა წესი ჰქონიათ, ზოგან 7 წლიდან აზიარებენ, ზოგან 8 დან.  ჰოდა უხერხული სიტუაცია რომ არ ყოფილიყო შემდეგ, დედაჩემმა გადაწყვიტა წინასწარ გაეგო ინფორმაცია.
ზუსტად დღეს მოხვდა რომელიღაც ეკლესიასთან ვარკეთილში, რომელსაც როგორც ეხლა გავიგე რქმევია "ვარკეთილის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი". დედაჩემმა ჯერ მესანთლე ქალბატონებს ჰკითხა სად შეიძლებოდა გაეგო ზემოთ ხსენებული ინფორმაცია, ამ ქალბატონებმაც რჩევა მისცეს, რომ ვინმე მამაო კახაბერს გასაუბრებოდა.
ამ დროს ეზოში გამოჩნდა ეს მამა კახაბერიც ოდნავ ასაკოვანი,   ჯერ ვიღაც მრევლს ესაუბრებოდა დიდი სითბოთი და შარავანდედით თავზე, შემდეგ საუბარს მორჩა და დედაჩემისკენ გამოემართა, მინდა დაგიზუსტოთ, რომ საუბარი ხდება ეკლესიის ეზოში. დედაჩემმა შეაჩერა, ზრდილობიანად მიესალმა და ჰკითხა შეიძლებოდა თუ არა მისთვის ერთი კითხვა დაესვა, რაზეც მღვდელს სახე მაშინვე შეეცვალა და ძალიან უხეშად გამოეპასუხა, კითხვის გაგონების შემდეგ მაშინვე ჰკითხა "თქვენ რა სარწმუნოების ხართ?" (თუმცა რა შუაში იყო ეს კითხვა ვერ ვხვდები) პასუხად მიიღო " მართლმადიდებელი ქრისტიანი". შემდეგ ჯიბიდან გასაღები ამოიღო და მესანთლეების გვერდით რაღაც პატარა ოთახში "მიიპატიჟა" დედაჩემი. შესვლისთანავე ჰკითხა, იცოდა თუ არა მამაო ჩვენო ზეპირად, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო, ამას მოჰყვა პირველ შეკითხვაზე უფრო უაზრო კითხვა, რა განათლება გაქვსო? პასუხად მიიღო "უმაღლესი" შემდეგ გადმოიღო რაღაც პატარა ლოცვების წიგნი და დედაჩემისთვის აბსოლიტურად უცნობი აბზაცის კითხვა დააწყებინა, ლოცვები ნახევრად ძველქართულად ეწერა, ერთი სიტყვის შეცდომით წაკითხვის გამო, უხეშად წიგნი გამოგლიჯა ხელიდან და უვიცი ხარო ხმამაღლა მიაძახა, დედაჩემს მობეზრდა ეს გაუთავებელი და უაზრო გამოცდის ჩაბარება და ამ სათნო მამა კახაბერს ჰკითხა რა კავშირში იყო ერთმანეთთან ბავშვის ზიარება და ეს ამდენი უაზრო კითხვა მის მიმართ დასმული. რაზეც მიიღო უფრო დიდი ისტერიკა მღვდლის მხრიდან,  დაიწყო ღრიალი ისე, რომ მთელმა ეზომ გაიგო, სრულ ისტერიკაში და პანიკაში ჩავარდა ეს მამა კახაბერი, და აბსოლუტური შიზოიდივით დაიწყო ღრიალი რომ დედაჩემი იყო მოგზავნილი და შეგზავნილი მასთან, ამის დასამტკიცებლად, რომ ეს ასე არ იყო დედაჩემმა შესთავაზა რომ ენახებინა მისთვის  პირადი დოკუმენტები, როგორც თავისი ასევე ბავშვის, მაგრამ ამის პასუხადაც სრული ისტერიკა მიიღო და განუწყვეტლად ყვირილი იმის შესახებ, რომ დედაჩემი იყო შეგზავნილი (რა მიზეზით და საიდან გაურკვეველია).
ჰომ გაგიგიათ გიჟს რომ უნდა გამოეცალო, ჰოდა ამ კაცთანაც საუბარს აზრი არ ჰქონდა და ამიტომაც დედაჩემმაც მაშინვე დატოვა იმ ეკლესიის ტერიტორია და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.

მოკლედ ამ არაჩვეულებრივი და სათნო ისტორიის შემდეგ ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა. რატომ ჩათვალა მოძღვრმა რომ მასთან შეიძლება ვინმე შეაგზავნონ? რატომ ხედავს მოძღვარი ჩვეულებრივ მოქალაქეში საფრთხეს? და აქვს თუ არა მღვდელს უფლება ასე დასწამოს ცილი ადამიანს, რომელსაც უბრალოდ მასთან კითხვის დასმა სურდა. მამა კახაბერს დაავიწყდა ეტყობა ცილის წამება ყველაზე დიდი თუ არა ერთერთი უდიდესი ცოდვაა.
კარგი, დავუშვათ არ არის მართლმადიდებელი. მერე რა? ჯერ არამართლმადიდებელი რატომ მივიდოდა მაგასთან და ჰკითხავდა შვილის ზიარებაზე.
რა შუაშია განათლების დონე??? განა იესო ქრისტე ერთმანეთისთან ანსხვავებდა მათ, ვისაც უმაღლესი განათლება ჰქონდა და ვისაც მარტო სკოლის ატეტასტი ეკავა ხელში???
პრობლემა იცით რა არის? ეს ეგრედ წოდებული მამაო, რომ ჩვეულებრივი მოქალაქე იყოს და ასე მიაყენოს მეორე მოქალაქეს შეურაწყოფა,  თავისუფლად შეიძლება პატრულის გამოძახება და საჭირო ზომების მიღება, მაგრამ ყველაფრის თავი და თავიც ესაა , რომ მღვდლები იმხელა იმუნიტეტით სარგებლობენ, რომ მათ მიერ დაჩაგრულ ჩვეულებრივ მოქალაქეს, გვერდით არც კანონი დაუდგება და არც ხალხი.
რაც შეეხება, მის შიშებს, რომ სავარაუდოდ ყველა კითხვით მისულ ადამიანში და ამ შემთხვევაში დედაჩემში, ფარულად შეპარული ჟურნალისტი ან ჯაშუში დაინახა, ეს სწორედ მისი ცხოვრების წესის ბრალი უნდა იყოს. სავარაუდოდ აქვს ალბათ რაიმე ისეთი დასამალი, რომელიც მის პატივსაცემ სახელს ჩრდილქვეშ დააყენებს და მისი პარანოიკული შიშებიც და ისტერიკაც აქედან იღებს საწყისს.

მამა კახაბერს ვეტყოდი, იქნებ თვითონ გადაეკითხა ის ლოცვების წიგნი რომელიც დედაჩემს დღეს საგამოცდო ბილეთივით დაუდო მაგიდაზე და გაეხსენებინა, რომ არსებობს ამ ქვეყნად მიმტევებლობა, სიყვარული, სათნოება, სიკეთე და ა.შ

თუმცა ერთი სიკეთე ის გააკეთა, რომ თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა და ცნობისთვის მეცოდინება, რომ მაგ ეკლესიაში არასდროს არ უნდა შევიდე და სხვაც თუ მკითხავს ძალიან ლამაზ რჩევებს მივცემ მაგასთან დაკავშირებით.