Aug 18, 2014

საზოგადოების მიერ გარიყული და თავშესაფრის მიერ გადარჩენილი ჩემი გეკა











დღეს 16 აგვისტოა და უსახლკარო ცხოველთა საერთაშორისო დღეა.

როცა ამ პოსტს ბლოგზე დავდებ, უკვე ღამის 12 საათს გადაცდენილი იქნება, მაგრამ არაუშავს.

ჩემი აზრით ზუსტად ამ დღეს უნდა დამეწერა ის, რის დაწერასაც და თქვენთვის მოყოლასაც ვაპირებ.

გეკა ჩემს კორპუსთან გოგოს სიყვარულმა მოიყვანა, აი ამ გოგოს სიყვარულმა. ნუ ხომ ხვდებით, იმ დროს ბევრი ძაღლი მოვიდა, მაგრამ ეს თეთრი ბეწვის გორგალი არსად არ წასულა, ისე დარჩა თითქოს ერთმანეთს ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით. ძალიან კარგად მახსოვს სულ პირველად როგორ ვნახე, ეზოში რომ ჩავედი, მაშინვე შევნიშნე ესეთი ლამაზი და ფუშფუშა ძაღლი და დავუძახე, ისიც მოვიდა და მაგის მერე აღარც მომშორებია. ბინა ეზოშივე დაიდო, ხან იქ ეძინა, ხანაც სადარბაზოში. მთელ დღეებს გორიალასთან ერთად ატარებდა, როგორც კი გარეთ გავიდოდით ან მე ან დედაჩემი, მაშინვე მოდიოდა, ყველგან მოგვყვებოდა. რატომღაც ჩემი ოჯახი "ამოიჩემა"  და ყველა ძალიან შეგვიყვარა. სხვებთან არც მიდიოდა, არც ეთამაშებოდა, არც აფერებინებდა.
მთელი მისი ეზოში ყოფნის პერიოდი, ძალიან ბედნიერად გავატარეთ. უნივერსიტეტში როცა მივდიოდი, მაცილებდა და მერე იქვე მხვდებოდა ხოლმე, მაღაზიაში რომ წავიდოდით, ერთგულად იდგა კარებთან. ისე ძალიან შემაყვარა თავი, რომ უკვე წარმოუდგენელიც იყო გარეთ გასვლა მაგის გარეშე. ფანჯრიდან ვიყურებოდი ხოლმე, რომ თვალი მომეკრა და დამენახა. თავი მარტო ჩვენ კი არა, გორიალასაც ისე შეაყვარა, თუ ერთად არ იყვნენ ძალიან მოწყენილი იყო ხოლმე ჩემი გოგო.
თუმცა, როგორც მერე აღმოჩნდა, როცა მე ეზოდან ამოვდიოდი და უკვე გეკას ვეღარ ვხედავდი, იქ სხვა ამბებიც ხდებოდა, რომელიც მერე დროთა განმავლობაში ნელ–ნელა გავიგე. გეკას ურტყამდნენ, დასდევდნენ, აწვალებდნენ, როცა ეძინა ეპარებოდნენ და აშინებდნენ.
მოკლედ რომ ჩამოგიყალიბოთ ჩემი მეზობლების ტიპაჟები, ამას გეტყვით. ჩემს კორპუსს 4 სადარბაზო აქვს, და დამიჯერეთ ამდენი მოსახლიდან არცერთს მაცხოვრებელს არათუ ძაღლი და კატა, ჩიტიც კი არ ყავთ ან თევზი. არ ყავთ არანაირი არსება რომელზეც ზრუნავენ, ცხოველი კი არა, ერთმანეთს ვერ იტანენ, უბრალოდ ვერ კლავენ, ციხეში ჩასაჯდომადაც ეცოდებათ თავიანთი თავი, თორემ მაგაზეც არ დაიხევდნენ უკან.

ახლა ისევ ძაღლებს მივუბრუნდები,საქმე იმაშია, რომ გორიალასგან განსხვავებით, გეკა რადიკალურად სხვანაირი ხასიათის ძაღლია. გეკა არაა ის ძაღლი, რომელსაც ქვას ესვრი, წიხლს სახეში ჩაარტყავ და გაიქცევა, ძაღლი, რომელიც დაივიწყებს ამას და შეეშინდება.  გეკას ძალიან ხშირად, ჩემს გვერდზე სადარბაზოს შესასვლელში ეძინა ხოლმე, ჰოდა იქიდან გამოსვლის დროს, ერთ–ერთი ადამიანის უმსგავსო საქონელი, რამდენიც გამოვიდოდა იმდენი მისიად ჰქონდა რომ ამ ძაღლისთვის ჩაერტყა, ჰოდა ერთ დღესაც, გეკა გაეკიდა და ფეხზე უკბინა. მე პირადად ამ პროცესს არ შევსწრებივარ და არც ვიცოდი, მანამ სანამ, ამ 40 წლის აყლაყუდას და ქართველი ვაჟკაცის დედამ 112–ში არ დარეკა დაზარალებულის სახელით და გეკას წაყვანა ითხოვა. მანქანა მოვიდა, მაგრამ ვერ დაუჭერიათ. მე როცა გავიგე და ეზოში ჩავედი, უკვე წასულები იყვნენ, მაგრამ ჩემი მეზობელი ისეთი "ადამიანია", ტელეფონს რომ დაიჭერდა ხელში ვეღარ აგდებდა, ჰოდა დღეში 10 ჯერ და 20 ჯერ რეკავდა, იმავე დღესვე ისევ მოვიდა ეკიპაჟი, მაგრამ მაინც ვერ დაიჭირეს.
იმდენად წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, გეკას წაყვანა რაც იმას ნიშნავდა, რომ ვეღარასდროს ვნახავდი, საშინელი სტრესი მივიღეთ მთელმა ოჯახმა, გარეთ იმდენად ხშირად ვიხედებოდი, იმის ლოდინში, რომ აი ეხლა კიდევ მოაკითხა მანქანამ და ეხლა კიდევ მოაკითხა, რომ რამის გავგიჟდი. თუმცა იმის შემდეგ გეკას წაყვანა აღარ უცდიათ...... დროებით...

იმ დღეების განმავლობაში, ბევრი რამ მოხდა, ჩემს ძმას საშინელი ვირუსი შეხვდა და საავადმყოფოში იწვა დედაჩემთან ერთად. ამიტომ სახლიდან თითქმის სულ გასული ვიყავი. ძალიან კარგად მახსოვს და არც დამავიწყდება ეგ თარიღი  17 ივნისი იყო, სანამ საავადმყოფოში წავიდოდი, ეზოში ჩავედი, გეკას და გორიალას ვაჭამე და წავედი. საღამოს უკან რომ მოვდიოდი საჭმელი ვუყიდე ისევ და სახლში დავბრუნდი. ეზოს როგორც კი მოვუახლოვდი, ძახილი დავიწყე, გორიალა მაშინვე გამოჩნდა, მაგრამ გეკა არსად იყო..  არც მეგონა, თუ ამდენი დღის გასვლის შემდეგ გამოძახებას კიდევ გააკეთებდნენ. ერთმა  მეზობელმა კაცმა დამიძახა და მითხრა, ტყუილად ნუ ეძებ, დღეს მანქანა მოსული იყო და წაიყვანესო...
დიდი ტანჯვით წაუყვანიათ, ვერაფრით დაუჭერიათ გეკა, ორჯერ უსვრიათ რომ დაეძინებინათ და მეორეჯერ რომ ესროლეს ძლივს დააძინესო, ხან რითი მიიტყუეს, ხან რითი და ბოლოს ძლივს წაიყვანესო. წესიერად არც მახსოვს ამას რომ მიყვებოდა ეს კაცი, იმიტომ, რომ ეს ამბავი იმდენად მოულოდნელად დამეცა თავს, საერთოდ ვერ გავიაზრე რა ხდებოდა, რატომ მოხდა ესე, რა ბედი ეწეოდა გეკას, როგორ იყო ნეტავ, რას უზამდნენ. იმდენ რამეზე ვფიქრობდი... საერთოდ არ მიყვარს ჩემს ემოციებზე საუბარი და ამიტომ ამ ნაწილს გამოვტოვებ, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ რას ვგრძნობდი იმ მომენტში, როცა ჩემი ერთგული მეგობარი ძალიან დიდი უსამართლობის მსხვერპლი გახდა და საერთოდ არც ვიცოდი, ოდესმე ვნახავდი თუ არა.

დედაჩემი როგორც კი გამოვიდა საავადმყოფოდან, მაშინვე დავიწყეთ თავშესაფრის კოორდინატების მოძიება, რადგან საერთოდ არანაირი შეხება ადრე არ გვქონია. 112–შივე მისცეს დედაჩემს თავშესაფრის დირექტორის გელა გოგიჩაიშვილის ნომერი, მაშინვე დავუკავშირდით. ძალიან გაგებით შეხვდა სიტუაციას, მაშინვე მოიკითხა გეკა და გვითხრა, რომ ნამდვილად თავშესაფარში იმყოფებოდა ძაღლი.  შეატყო დედაჩემს, რომ ძალიან ნერვიულობდა და განიცდიდა გეკას ამბავს, დააამშვიდა და შესთავაზა, რომ თუ თანახმა ვიქნებოდით, ძაღლს გაუკეთებდნენ კასტრაციას, დაადებდნენ ბირკას და გამოუშვებდნენ ბუნებრივ, პირვანდელ არეალში, თუ მას და მის ქმედებებს დადებითად შეაფასებდნენ კინოლოგები, ასევე რადგან გეკა იყო მიყვანილი იქ დაკბენის ფაქტზე, უნდა მომხდარიყო მასზე დაკვირვება, თუმცა დაკბენიდან 9 დღე გასული უკვე იყო და მხოლოდ 1 დღე იყო დარჩენილი. თანხმობა მაშინვე განვაცხადეთ ამაზე.  ნამდვილად დაგვამშვიდა ამ სიტუაციამ. ხომ იცით, საქართველოში თავშესაფარს როგორი სახელიც ჰქონდა, ამიტომ უფრო ვნერვიულობდი გეკას ბედზე, მაგრამ ბატონ გელასთან  საუბრის შემდეგ ნამდვილად დავმშვიდდით. ახლა უკვე მთავარი იყო კინოლოგების დასკვნა და ოპერაციის შემდგომი პერიოდი.  სანამ ოპერაციას გაუკეთებდნენ, დედაჩემი ავიდა გეკას სანახავად, მე ვერ მოვახერხე. დედაჩემმა ნახა ვეტერინარიც, კინოლოგებიც და გელა გოგიჩაიშვილიც. როგორც აღმოჩნდა, გეკა სულაც არ იყო ავი და საშინელი ძაღლი, როგორც ჩემი მეზობლები ახასიათებდნენ, პირიქით ძალიან ჭკვიანად იქცეოდა, არ იყო აგრესიული. თუმცა გასაკვირი არცაა ეს, სადაც მშვიდი გარემო იყო და არავინ ვნებდა ძაღლს, ისიც თავს კარგად გრძნობდა და არავის არ ერჩოდა.

შემდეგ გაუკეთდა მალევე ოპერაციაც, რომელიც გაუკეთა ვეტერინარმა ნოდარ მაღრაძემ.





ნოდარი ოპერაციის შემდეგაც ზრუნავდა გეკაზე, ყოველთვის კონტაქტზე იყო, გვესაუბრებოდა. ოპერაციის წინაც კი დარეკა და გვითხრა ეხლა შემყავს საოპერაციოში და როცა გამოვალ ყველაფერს გეტყვით რა, როგორ იქნებაო.

რამოდენიმე ხნის შემდეგ კი, როცა ყველანაირი დაკვირვების ვადა გავიდა, ჩემი კორპუსის ეზოში მოულოდნელად 112 ის მანქანამ გეკა უკან დააბრუნა, ვაღიარებ რომ ამ მანქანის დანახვა ასე არასდროს გამხარებია. მაგრამ, თქვენ უნდა გენახათ ჩემი მეზობლების რეაქცია, როცა გეკამ მოიარა ეზო და თითქმის ყველამ ნახა, ისეთი ამბავი ატეხეს, თითქოს დემონი დატოვა ვინმემ ქუჩაში. ვერც კი დამალეს ის ემოცია და ის აღშფოთება, თანაც ვერაფერს ვერ ამბობდნენ, რადგან გეკა იყო უკვე აცრილი, ბირკადადებული და ნაოპერაციები და რეალურად იგი აღარ წარმოადგენდა არავისთვის საფრთხეს. თუ ადრე იძახდნენ, რომ "ვაიმე ცოფიანია და რა ვიცით რა სჭირს" უკვე ვეღარაფერს იტყოდნენ და ამიტომ უნდა ჩაეგდოთ ენა მუცელში.
სიმართლე, რომ გითხრათ, გეკაც ნამდვილად შეცვლილი იყო, უფრო მეტად დამშვიდებული, დადინჯებული, საერთოდ არ ყეფდა. მთელი დღე რასაც აკეთებდა იყო ის, რომ ეზოში სკამის ქვეშ ეძინა. მე თუ სადმე გავიდოდი, მხოლოდ მაშინ მომყვებოდა, მერე ისევ წვებოდა და ისვენებდა. ისეთ დონეზე მივიდა უკვე ჩემი სამეზობლო, რომ ეზოში წყალს კეტავდნენ, რომ ძაღლს არ დაელია, ისიც აღიზიანებდათ, რომ არსებობდა და დადიოდა. რა თქმა უნდა, არ შეწყვეტილა გეკასთვის წიხლების რტყმევა, რამოდენიმეჯერ შევესწარი და გამოვლანძღე ეს ხალხი, მაგრამ მე სულ ეზოში ვერანაირად ვერ ვიყავი და აქედან გამომდინარე ამ ძაღლს, ამ "ადამიანებისგან" ვერ ვიცავდი. როცა მეგონა, რომ ყველაფერი მორჩა და ეხლა მაინც შეეშვებოდნენ ამ არსებას. იმ ქალბატონმა და ქალის მსგავსმა, ვინც პირველად გააკეთა გამოძახება ისევ, გამოიძახა მანქანა, აი ეს მართლა შოკი იყო, იმიტომ, რომ არანაირი საფუძველი ძაღლის წაყვანის არ არსებობდა. ეს ნამდვილად იყო დიდი სანახაობა, ამ ერთი პატარა ძაღლის გამო შემოიკრიბეს მთელი თავიანთი გიჟების ბანდა, დადგნენ და მოყვეს ლეგენდები, ისეთი რამეები დააბრალეს ძაღლს საერთოდ რომ არ მომხდარა, იდგა ამხელა 100 წლის ხალხი , 2 მეტრიანი კაცები და იძახდნენ, რომ საფრთხეს წარმოადგენდა, რომ ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ თურმე, ძაღლი არ უნდა ყეფდეს, არ აძინებს თურმე არავის, ელოდება სადარბაზოსთან რომ ეცეს და დაგლიჯოს. აი ეს იყო საზოგადოება, ამხელა უსამართლობის მოსმენა, და როცა ვერანაირად ვერ ვამტკიცებდი საპირისპიროს, იმიტომ რომ ისინი იყვნენ უმრავლესობა და როგორც იცით უმრავლესობა ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის მართალია.
უცბად აღმოჩნდა, რომ თურმე ძალიან ბევრი ჰყავს "დაკბენილი" მაგრამ რეალურად ვერავინ ვერ მოიყვანეს რომ ეჩვენებინათ ვის უკბინა კიდევ. ის ადამიანი კი ვინც დაკბინა ან არც კი ვიცი უკვე ნამდვილად უკბინა თუ არა, ამხელა კაცი სახლში იჯდა, დღემდე არ ვიცი ვინაა სახეზე და დედამისი გამოუშვა რომ ეწივლა, ეკივლა და ისტერიკები მოეწყო. მე და დედაჩემი ვიყავით გაოგნებულები და შოკირებულები, ხალხი იდგა და ყვებოდნენ რაღაც სისულელეებს, უსაფუძვლო უაზრო ბრალდებებს აჟღერებდნენ, როგორც კი ვუთხარით, რომ სადისტები  იყვნენ და ყოველდღე ძაღლს ურტყამდმე, ამაზე გაჩუმდნენ და გატრიალდნენ.
ეხლა რომ მახსენდება, ნამდვილად "მებრალებიან" ადამიანები, რომლებსაც ცხოვრება არ გააჩნიათ, ერთ მუშტად შეიკრნენ იმისთვის, რომ არსება, რომელსაც არ შეუძლია ლაპარაკი და თავს ვერ დაიცავდა, დაემცირებინათ, გაენადგურებინათ, მარტო იმიტომ რომ, თავიანთი თავისთვის გაესწორებინათ და უბრალოდ გეკა ეზოდან მოეშორებინათ. ერთი 100 ჯერ მაინც ითქვა, "კინაღამ გამომეკიდა" "კინაღამ დამიყეფა" "ცუდად მიყურებს" და აი ამ სისულელეების წინააღმდეგ ვერ გავაკეთე ვერაფერი. რადგან ეს ბრბო შეიკრა და ბრბოს წინააღმდეგ ერთი და ორი ადამიანი უძლურია! საუბედუროდ!
იმ დღეს გეკა არ წაიყვანა ეკიპაჟმა, იმიტომ რომ საერთოდ არ არსებობდა არანაირი საფუძველი, რეალურად არ იყო დაკბენა დაფიქსირებული, მარტო იმიტომ, რომ ჩემი 90 წლის მეზობელი მოკლე კაბას ვერ იცვამს იმიტომ, რომ ეშინია ძაღლი კოჭებში არ მიახტეს მაგ მოტივით ვერ წაიყვანეს.

იმ დღესვე ჩავედი, კარგად ვაჭამე გეკას, ვიცოდი, რომ ასე სიტუაცია არ დამთავრდებოდა და შეიძლებოდა ბოლოჯერაც ვხედავდი ამ ეზოში. ცოტა საღამოსკენ კი, საერთოდ ისეთი ხმები გავრცელდა ჩემი მეზობლებისგან, რომ ისიც ვიფიქრე, ნეტა 112ს წაეყვანა თქო, უკვე გეგმებს ალაგებდნენ, როგორ უნდა "მოეშორებინათ" თავიანთი ძალებით, ხვდებით ალბათ რასაც ვგულისხმობ. თუმცა არვიცი მეორე დღეს რა გააკეთეს და საერთოდ ეხლა უკვე აღარც მინდა ვიცოდე, ძაღლი რომელიც დედაჩემმა ნახა, გაიყვანა მაღაზიისკენ და უკან მოაბრუნა, ნახევარ საათში დაიკარგა. როცა ჩავედი აღარ იყო არსად, კიდევ ვიმეორებ არვიცი რა გააკეთეს, ალბათ ან ხელწერილები შეაგროვეს ან არვიცი, როცა გელა გოგიჩაიშვილს დავუკავშირდით ისიც ისე, ვიკითხეთ ვარაუდზე, იქ ხომ არ იყო გეკა, აღმოჩნდა რომ ძაღლი ისევ თავშესაფარში იმყოფებოდა. ნამდვილად ვერ ვხვდები ესე უცბად როგორ მოხდა წაყვანა, თუმცა მეზობლებისგან არც მიკვირს არაფერი და ამდენი ხნის შემდეგ უკვე არც მინდა ვიცოდე კიდევ ვიმეორებ.
ჩემთვის და დედაჩემისთვის ეს იყო ნამდვილი ტრაგედია. რადგან ვიცოდით, რომ გეკას აქ დაბრუნება უკვე იყო გამორიცხული და საშველი კიდევ არ ჩანდა.
გეკას წაყვანის შემდეგ, უკვე რეგულარულად  დავიწყე თავშესაფარში სიარული და მისი იქ მონახულება, რაშიც გელა გოგიჩაიშვილი ყოველთვის ყველანაირად  ხელს მიწყობდა. ხელს უწყობდა გეკას, რომ ყოფილიყო უსაფრთხოდ. ძაღლისთვის თავშესაფარი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მართლაც თავშესაფრად იქცა, რადგან გარეთ ყოფნის შემთხვევაში ან მოკლავდნენ ან დაასახიჩრებდნენ. მგონი ერთადერთი ძაღლი იყო იმ მომენტში, რომელიც არაფრისთვის იჯდა ვოლიერში, ედო ბირკა, იყო ნაოპერაციები, ჰქონდა კინოლოგების დადებითი დასკვნა, მაგრამ არ მიიღო საზოგადოებამ და მიაბრუნა უკან.  იყო უსამართლობის მსხვერპლი, და რადგან არ შეეძლო საუბარი და თავის დაცვა, ამდენჯერ გადაუარეს და დაჩაგრეს.
იყო ორი ვარიანტი, ან გეკა უნდა გაეშვათ სხვაგან ბუნებრივ არეალში ან გაეჩუქებინათ. აქედან არცერთი არ გვაწყობდა ჩვენ, რადგან სხვა ტერიტორიაზე გაშვებული ძაღლი, უკვე ჩვენთვის დაკარგული იქნებოდა, თანაც ეს არ ნიშნავდა იმას, რომ იქ უსაფრთხოდ იქნებოდა და კეთილი ხალხი დახვდებოდა, ხოლო გაჩუქებული კიდევ, უცხო ადამიანს ვერ მოსთხოვ, რომ ძაღლი განახოს ხოლმე, ყველას თავის ცხოვრება აქვს და შეიძლება შენთვის საერთოდ არ ეცალოს.
რამდენჯერაც ავიდოდი თავშესაფარში, გეკა ძალიან ემოციურად მხვდებოდა, ეკრობოდა ვოლიერს, ცდილობდა თათები გამოეყო, როგორც კი შევეხებოდი იჯდა მშვიდად. იმდენად გვაოცებდა ხოლმე მისი დახვედრა, რომ აუცილებლად რამე გამოსავალი უნდა მოგვეძებნა, იმიტომ, რომ ამ არსებას მარტო ჩვენი დანახვა უხაროდა, და თან გვენდობოდა, ამიტომაც როგორმე უნდა მეზრუნა მასზე და მისი იმედები გამემართლებინა, არ უნდა მიმეტოვებინა ასეთ სიტუაციაში.
იმ მომენტში გეკას წამოყვანა მიგვაჩნდა წარმოუდგენლად, იმიტომ, რომ კორპუსის ბინაში არცთუ პატარა ძაღლის მოვლა ძალიან რთული იქნებოდა.  მაგრამ გამოსავალი უნდა გვენახა! ამიტომ ბატონ გელას ვთხოვეთ, გეკა არსად არ გაეშვა, არ გაეჩუქებინა და მოეცა ჩვენთვის დრო, რაზეც უპრობლემოდ დაგვთანხმდა.
საბედნიეროდ, გვაქვს ძალიან დიდი და კაპიტალურად გაკეთებული ავტოფარეხი. რომელსაც მამაჩემმა, გაუკეთა ორმაგი კარები, ერთი რაც ჰქონდა ავტოფარეხს და მეორე გაუკეთა ვოლიერის მსგავსი, ბადით. სადაც გეკა იქნებოდა გრილადაც, მოხვდებოდა მზის სხივებიც და თავს ძალიან კომფორტულად იგრძნობდა.  თუმცა ეს იყო დროის ამბავი და არ გაკეთდებოდა 1 დღეში. მთელი ეს პერიოდი გეკა იყო თავშესაფარში და მასზე ზრუნავდნენ, კვებავდნენ, უვლიდნენ. რაც ნოდარ მაღრაძის და გელა გოგიჩაიშვილის დამსახურებაა და არც კი ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერების გრძნობა მათ მიმართ.
23 ივლისს კი, გეკა ოფიციალურად გახდა ჩემი ძაღლი. თავშესაფრიდან გამოვიყვანე და წამოვიყვანე სახლში.  სადაც ეხლა ძალიან ბედნიერია. და ჩემი ოჯახისთვის ეს ძაღლი არის ნამდვილი მონაპოვარი, იმიტომ , რომ არის უჭკვიანესი, უთბილესი, უპრობლებო.
უკვე ვერავინ ვერ შემეცილება მასში და ვერც წამართმევს, რადგან არის ჩვენი საკუთრება. გაინტერესებთ ალბათ ჩემი მეზობლების რეაქცია, ეს ძლივს მოშორებული ძაღლი კიდევ აქ რომ ნახეს. ჯერ ერთი კიდევ ვერ მოუნელებიათ ის ფაქტი, რომ ცოცხალია, რადგან თავშესაფარში გაგზავნა ამათთვის ასოცირდებოდა ცოცხლად დამარხვასთან  ან დენებით მოკვლასთან და ა.შ ეხლა კი როცა ხედავენ რომ კიდევ აქეთ–იქეთ ვასეირნებ და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს, მაგაზე იტანჯებიან და იბოღმებიან, რადგან არანაირი უფლება აღარ აქვთ ამ ძაღლზე, გეკა აღარაა უკვე ქუჩის ძაღლი და თუ ისევ ისე შეეხებიან როგორც ადრე, სერიოზულად ვაგებინებთ პასუხს. თავიდან ვფიქრობდით, რომ გეკა თუ იყეფებდა, ერთი ყეფაც ეყოფოდათ, განცხადება რომ დაეწერათ და ჩვენთვის მოეცუნცულებინათ, პლუს ამას კიდევ რამე ტყუილებსაც მიაწერდნენ, მაგრამ მაგათ ჯინაზე ეტყობა, გეკაც საერთოდ ჩუმადააა, არც ირგვლივ ანაგვიანებს, მოკლედ ვერაფერი შარი ძაღლს ვერ მოსდეს.
ზოგი ადამიანი კი, ეხლა უფრო მაოცებს, რომ დაინახავენ ასეთ მოვლილს და ჯანმრთელს, თბილად მომესალმებიან, ძაღლს შეხედავენ და იმის მოყოლას მიწყებენ, თუ როგორ ეცოდებოდათ 112 ის მანქანას რომ მიჰყავდა და საერთოდ თურმე როგორი კარგი ძაღლია და რა კარგია რომ დაბრუნდა. არადა ერთი ადამიანიც კი არ დაგვიდგა გვერდში როცა ეს ჩვენც და ძაღლსაც სჭირდებოდა. ყველამ შეიკეტა სახლის კარები და ფანჯრიდან უყურეს სეირს.
რაც შეეხება პირადად გეკას, ძალიან ბედნიერია, უფრო მეტად შევუყვარდით და უფრო თბილი გახდა,  მოვლამ ისედაც ლამაზი უფრო გაალამაზა, ბეწვი უფრო გაუქათქათდა, მოსუქდა, მოკლედ მჯერა, რომ ძალიან ბედნიერია და ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა თავის თავს ასეთ სიტუაციაში. ყურიდან თავშესაფრის ბირკა არ მოგვიხსნია, რადგან ვფიქრობთ რომ ეს ის ნივთია რაც მას უნდა ეკეთოს ყოველთვის, ეს არის მისი ცხოვრება და მისი ისტორია.

არ შემიძლია არ ვილაპარაკო თავშესაფარზე, უკვე, როცა გეკა წამოყვანილია, მაშინაც კი როცა რაღაც შეკითხვა გვაქვს, რაღაც გვაინტერესებს, ნებისმიერ დროს გეკას ვეტერინარი ნოდარი გვიდგას გვერდში, არასდროს არ ეზარება რომ დაგვეხმაროს, ერთხელ ცოტა შეუძლოდ იყო გეკა და უკან არც კი დაუხევია ნოდარს, მაშინვე გვითხრა თქვენ ოღონდ აქამდე მოიყვანეთ და ყველაფერს გავუკეთებთ და მივხედავთო. ყოველთვის მზად არიან, რომ დაგვეხმარონ.

რაც შეეხება გელა გოგიჩაიშვილს, მას აქვს უდიდესი წვლილი იმაში, რომ გეკა არის ეხლა დაბინავებული. ზოგადად საქართველოში რაიმე თანამდებობაზე მყოფი პირი, იშვიათად თუ გამოიჩენს კეთილ ნებას და დაეხმარება ადამიანს, როცა რაიმე ძალაუფლებას ფლობენ მაინც არაფერს არ აკეთებენ ხოლმე, გელა გოგიჩაიშვილმა კი ძალიან ახლოს მიიტანა გულთან ჩვენი სიტუაცია და ჩვენი სადარდებელი, ყველანაირად რაც შეეძლო დაგვეხმარა და მეხმარება დღემდე. ერთი წამითაც არ იხევს ხოლმე უკან და ზრუნავს ცხოველებზე 100% ით. თუ ჩემი ეს პოსტი წაკითხული გაქვთ, მაშინ მიხვდებით, რომ თავშესაფართან ეხლაც მჭიდრო კავშირი მაქვს და ძალიან ხშირად ვარ იქ. ავდივარ, როგორც ჩემს ძაღლთან ასევე მოხალისედაც ძალიან მიხარია ხოლმე იქ ასვლა, რადგან არის შესანიშნავი გარემო და სიტუაცია, არიან ადამიანები რომლებიც ზრუნავენ ცხოველებზე და უყვართ. გავიცანი არაჩვეულებრივი ხალხი. მიუხედავად ამ არასასიამოვნო სიტუაციისა რა დროსაც მოხდა ჩვენი ურთიერთობის დაწყება, მაინც მიხარია, რომ გავიცანი ეს ადამიანები.


საშინელებაა, რომ ასეთ სიტუაციაში, როგორიც გეკა იყო, დღეს ძალიან ბევრი ძაღლია, უსამართლობას და ხალხის სისასტიკეს ეწირებიან ათასობით ძაღლები, მათ არავინ არ იცავს და არავინ არ იფარებს, ნუთუ ძალიან ძნელია,ერთი ნაჭერი პურის გადაგდება და ერთი თასი წყლის მიწოდება ძაღლისთვის? ისინი მეტს არც არაფერს ითხოვენ. ძალიან მინდა, რომ ასეთ დაჩაგრულ და უპატრონო ძაღლებს ერთ მშვენიერ დღეს გამოუჩნდეთ პატრონი, რათა ბედნიერებმაა გააატარონ ცხოვრების წლები, და მინდა ხალხმა იცოდეს, რომ იმ სიყვარულს რასაც ეს არსებები გაჩუქებენ, ვერცერთი ადამიანი ვერ შეძლებს მათ მოცემას თქვენთვის, ამიტომ ნუ კრავთ ხელს და ნუ დაჩაგრავთ მათ.